17-11-2023
„ხალხის ძალის“ წევრმა დაჩი ბერაიამ იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, მიწის სისტემურ რეგისტრაციაზე კითხვა დაუსვა. როგორც დაჩი ბერაიამ აღნიშნა, მიწის სისტემური რეგისტრაციისას დამატებითი პრობლემა ჩნდება, რაც სახლის დაუზუსტებელ მფლობელობას მოიცავს.
დეპუტატი დაინტერესდა, თუ რა იგეგმება ამ გამოწვევის გადასაჭრელად.
„შეკითხვა შეეხება მიწის სისტემურ რეგისტრაციას სოფლებში. ჩვენს მუნიციპალიტეტში, მაგალითად, ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც სახლების აზომვა ჩაატარეს, ამის შემდგომ ამონაწერში აღმოჩნდა შემდეგი ჩანაწერი - „დოკუმენტის გარეშე“, რამაც ერთგვარი ბიუროკრატიული პრობლემები შეუქმნა ამ სახლის მფლობელებს. თუმცა, ეს სახლები აშენებული იყო 60-70-იან წლებში (მამა-პაპისეულია). თუ ფიქრობთ ამ პრობლემის მოგვარების გზებზე? თუ მოგვარდება ამ ადამიანთა პრობლემები, რაც ხშირი პრობლემაა ჩვენს მუნიციპალიტეტში? (ხობს ვგულისხმობ, ალბათ, სხვაგანაც იგივე პრობლემა იქნება)“, - აღნიშნა დაჩი ბერაიამ. იუსტიციის მინისტრმა კითხვას ვრცლად უპასუხა და პრემიერის მიერ პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივაც დააანონსა.
„საქართველოს კანონმდებლობით მოქმედებს რეესტრის მონაცემთა უტყუარობის პრეზუმფცია, რაც იმას ნიშნავს, რომ საჯარო რეესტრმა რეალობა უნდა ასახოს. ამით ხელს ვუწყობთ ეკონომიკურ ბრუნვასაც. ამ ქვეყანაში სამშენებლო ნორმები არსებობს, რომელიც დაცული უნდა იყოს. ანუ, როცა სახლი შენდება, შესაბამისი ნებართვა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურიდან უნდა იყოს აღებული. მსგავსი ტიპის ნებართვები საქართველოში ძალიან დიდ რაოდენობას არ აქვს.
ეს არ არის ერთი და ორი წლის პრობლემა, ეს არის, მათ შორის, კომუნისტების დროიდან მოყოლებული სირთულე, რომელსაც ახლა ვაწყდებით. მაგალითად, როცა კონკრეტული მიწის ნაკვეთის აზომვას დავიწყებთ, რომელზეც შენობა-ნაგებობა იქნება განთავსებული და ამონაწერი ამოვა, არ გვინდა, რომ ის ადამიანი, რომელმაც სახლი შესაბამისი ნებართვის გარეშე ააშენა, მესაკუთრედ ვაღიაროთ. იმიტომ, რომ მაშინ გამოდის, რაც არ უნდა გააკეთოს ადამიანმა, მესაკუთრედ ჩაითვლება, რაც ყოვლად დაუშვებელია. თუმცა, ამ ძალიან დიდი პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც მილიონზე მეტ ადამიანს ეხება, წინასწარ გეტყვით, რომ პრემიერს აქვს ინიციატივა, რომელიც სულ მალე გაჟღერდება და ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრით, საკმაოდ მოკლე დროში, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.