19-11-2023
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - „საქართველოს კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და მიდგომები“ გაიმართა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას კურორტების განვითარების სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, კონფერენციის მიზანი იყო კურორტების განვითარების ხელშეწყობა, სააგენტოსა და საქართველოში აკრედიტებულ უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოში ჯანმრთელობის ტურიზმისა და კურორტების განვითარებაში სტუდენტების ჩართულობა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებმა.
კონფერენციის თემატური მიმართულებები იყო ბალნეოლოგიური, კლიმატური, ველნეს და სპა კურორტები. ასევე, ჯანმრთელობის ტურიზმისა და კურორტების მიმართულებით ინოვაციური მიდგომების დანერგვა კურორტებისა და საკურორტო ადგილების განვითარების სფეროში.
„დღეს, ჩვენი სააგენტო პირველ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას მართავს. გადავწყვიტეთ, რომ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სტუდენტებს შევხვედროდით, რადგან ისინი წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნის მამოძრავებელ ძალასა და მომავალს. ყველაზე მეტად, სწორედ სტუდენტები გამოირჩევიან სიახლეებისადმი მუდმივი ინტერესით, კრიტიკული აზროვნებითა და ახალი იდეების საფუძველზე წარმატებული პროექტების შექმნის უნარით.
იმედი მაქვს, რომ დღევანდელი კონფერენცია სტუდენტებისთვის იქნება დამატებითი სტიმული სწავლის, ცოდნისა და გამოცდილების მიღებისათვის. დარწმუნებული ვარ, მათი დაინტერესება და მონდომება ჩვენს ქვეყანას მისცემს განათლებული და განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალების თაობას“, - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.
„კონფერენცია უმნიშვნელოვანესია დარგის განვითარების თვალსაზრისით, დაინტერესებულ მხარეებთან სწორი სისტემური კომუნიკაციისთვის, საქართველოს ტურისტული რესურსების და შესაძლებლობების გააზრებისა და ცნობიერების ამაღლებისთვის. მადლობა კურორტების განვითარების სააგენტოს, მადლობა სტუდენტების თითოეულ ხელმძღვანელს და რა თქმა უნდა სტუდენტებს ასეთი საინტერესო და საჭირო თემატიკისთვის“, - განაცხადა ფიზიკური მედიცინის, ბალნეოლოგიის და კურორტოლოგიის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია თევზაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე 17 თეზისის ავტორი წარსდგა. სამი საუკეთესო ნაშრომი გამოვლინდა, რომელიც დაჯილდოვდა სპეციალური პრიზებით. კონფერენციაზე წარმოდგენილი თეზისები კურორტების განვითარების სააგენტოს მიერ შექმნილ სპეციალურ სახელმძღვანელოში დაიბეჭდება. პირველ ადგილზე გასული თეზისის ავტორი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში „კურორტების მდგრადი განვითარება: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები“, რომელიც სააგენტოს ორგანიზებით 2023 წლის 7 დეკემბერს გაიმართება.