21-11-2023
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს ბუდაპეშტში „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე" შეთანხმების მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის, აზერბაიჯანის და ბულგარეთის მთავრობათა წარმომადგენლებმა უნგრეთის დედაქალაქში შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს. მინისტერიალი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიარტოს და საქართველოს ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის გამოსვლებით გაიხსნა.
ლევან დავითაშვილმა თავისი გამოსვლა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეულ წარმატებაზე საუბრით დაიწყო, კერძოდ, როგორც მან აღნიშნა, სულ ცოტა ხნის წინ ევროკომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო და რეკომენდაცია გაუწია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეს ისტორიული მოვლენაა საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე. „ამგვარ პროექტებში მონაწილეობითა და პარტნიორებთან თანამშრომლობით ჩვენი ევროკავშირში გაერთიანება კიდევ უფრო დაჩქარდება", - აღნიშნა მან.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თავის გამოსვლაში შეთანხმების მონაწილე ქვეყნების პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მან ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა ამ პროცესში ჩართულობისთვის - რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიის ევროკავშირთან დაკავშირება. ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ეკონომიკური, მათ შორის ენერგეტიკული ინტეგრაცია, მან მინისტერიალის მონაწილეებს საქართველოს ენერგოსექტორში არსებული სურათი გააცნო - როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველო ჰიდრორესურსებით მდიდარი ქვეყანაა და მთავრობა აქტიურად მუშაობს მათი ათვისების მიმართულებით.
„ჩვენი მიზანია ევროკავშირის ბაზარზე ელექტროენერგიის გატანა. ასევე ვმუშაობთ ენერგიის განახლებადი წყაროების პროექტების შემუშავება-განვითარებაზე. ამასთან, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მცირე და საშუალო ზომის სადგურების მშენებლობას და ამ მიმართულებით არაერთ ღონისძიებას ვატარებთ. ჩვენ ასევე ავამოქმედეთ ე.წ. „ფასის შორის სხვაობის მექანიზმი", რომელიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკის სექტორს, კიდევ უფრო სტაბილური გახდეს", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გამოსვლაში განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის" პროექტის მნიშვნელობაზე რეგიონული ენერგო-უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების და ამ მიმართულებით თანამშრომლობის პროცესში. მისი შეფასებით, ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია მინისტერიალის მონაწილე ქვეყნების საერთო მიზნების კონტექსტში. „ეს ამბიციური ინიციატივა ემსახურება იდეას, გახდეს გადამწყვეტი რგოლი ენერგიის მდგრადი გადაცემის ჯაჭვში, რომელიც ხელს უწყობს კავშირს და თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და გარემოს მდგრადობისკენ", - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჰიდროენერგიის განვითარების კვალდაკვალ საქართველოსთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მზისა და ქარის რესურსების გამოყენება და ამ მიმართულებითაც უკვე არაერთი წარმატებული პროექტი არსებობს. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიზანია, რომ ენერგოსექტორში ჩართული ინვესტორების მიერ გამომუშავებული ჯამური ენერგია 3-4 გიგავატს აღწევდეს. მისი ინფორმაციით, ამისთვის ტარდება მიზანშეწონილობის კვლევები, რომლებიც სხვადასხვა ეტაპზეა.
„ზოგადად, ენერგოსექტორის გაძლიერებას ორი მიმართულებით ვახორციელებთ - პირველი, ეს არის კერძო და საჯარო სექტორების მჭიდრო თანამშრომლობა კერძო სექტორის ხელშეწყობის მიზნით, და მეორე - განახლებადი ენერგიების ბაზრის განვითარება. საერთაშორისო ბაზარზე დასამკვიდრებლად აუცილებელია, ქვეყანაში გაიზარდოს ელექტროენერგიის გამომუშავება. ჩვენ მოწოდებულები ვართ, ხელი შევუწყოთ გამომუშავების ზრდას არამხოლოდ ჰიდრო, არამედ მზის, ქარის და მწვანე წყალბადის მიმართულებითაც", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.