10-09-2018
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, გარდაბნის გზატკეცილზე დაშავებული ორი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძმისა, მესამე მოზარდის კი შედარებით მძიმეა.
მისივე თქმით, ერთ-ერთს სავარაუდოდ ქირურგიული ჩარევა დასჭირდება.
ამის შესახებ სერგეენკომ კლინიკაში დაშავებულების მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„დღეს უბედური შემთხვევის შედეგად სამმა მოზარდმა მიიღო დაზიანებები.
ერთის მდგომარეობა საშუალოსა და მსუბუქს შორისაა. პირველადი კვლევით რაიმე მძიმე დაზიანება არ აღენიშნება, თუმცა ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა დარჩეს. მეორე პაციენტთან უფრო მეტი დაზიანებაა, ის ახლა გადის დამატებით კვლევას და მას შესაძლოა ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რაც შეეხება მესამე პაციენტს, მისი მდგომარეობა შედარებით მძიმეა და მას უახლოეს წუთებში ვნახავ.
შეგახსენებთ, რომ დღეს გარდაბნის გზატკეცილზე, 101 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს სამი არასრულწლოვანი დაშავდა.