24-11-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრა ბაქოში, „განჯელიკის" სამთავრობო რეზიდენციაში, გაიმართა. მთავრობის მეთაური ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის პირადი მიწვევით SPECA-ს ეკონომიკურ ფორუმს, საპატიო სტუმრის სტატუსით, ესწრება.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან, კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობებზე და აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. განიხილეს ქვეყანათა სტრატეგიული თანამშრომლობის - ვაჭრობა-ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა − საკითხები, ამავდროულად საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული მნიშვნელოვანი პროექტები: შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები, რაც გულისხმობს რკინიგზის მოდერნიზაციას, პორტების, გზების გაფართოებას, მშენებლობა-განვითარებას; აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომელიც მთავრობის მეთაურის თქმით, უფრო გააძლიერებს ორი ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალს. აღინიშნა, რომ სამომავლოდ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი გახდება ევროპა-კავკასია-აზიის სარკინიგზო დერეფნის ნაწილი.
ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა სამხრეთ კავკასიის მწვანე ენერგეტიკულ რესურსთა ევროკავშირის ბაზრისთვის მისაწოდებლად მასშტაბური პროექტის − შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის − განვითარების საკითხსა და მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.
მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიოში და რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანი სომხეთთან ძალიან მალე გააფორმებს სამშვიდობო შეთანხმებას.
« თებერვალი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 |