27-11-2023
„ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხიდან თავის დასაღწევად ახალი გეგმა აქვს.
სუბარმა 7 ნოემბრის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას თქვა, რომ სააკაშვილი ძველ ნარატივს დაუბრუნდა.
„დღეს, როდესაც სააკაშვილმა გადაუსვა ხაზი მთელ წლის განმავლობაში ნალაპარაკევს, რომ ეს იყო შეცდომა, ბოდიშიც აქვს მოხდილი და ისევ დაუბრუნდა ძველ ნარატივს, ეს შეიძლება იყოს ერთგვარი შეხსენება თავისი პატრონების მიმართ, რომ აი, თქვენ ხომ მაშინ იცოდით, თქვენგან ხომ მწვანე შუქი მქონდა ანთებული და დღეს ყველაფერს თუ არ გააკეთებთ, რომ დამიხსნათ პატიმრობიდან, კარტებს გავხსნი და საუბარს დავიწყებ,“ - განაცხადა სუბარმა.
მან ტელეკომპანია "იმედის" დარბევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "იმედი" იყო ერთადერთი წყარო, საიდანაც ხალხი სიმართლეს იგება და სწორედ ამიტომ დაარბიეს და მეპატრონეს ჩამოართვეს ეს ტელეკომპანია.
„ტელეკომპანია „იმედი“ იყო ის ერთადერთი ფანჯარა, საიდანაც ხალხი იგებდა სიმართლეს. ეს იყო ტელევიზია, რომელმაც გამოიძია და სიმართლე თქვა გირგვლიანის მკვლელობის შესახებ (სწორედ გირგვლიანის მკვლელობას გადაჰყვა საბოლოოდ სააკაშვილის რეჟიმი). ამიტომ ჰქონდათ ყელში გაჩხირული „იმედი“ და ამიტომ დაარბიეს. მისი ქონების განადგურებით კი ხუთი მილიონი დოლარის ზარალი მიაყენეს. ჟურნალისტები მოდიოდნენ და მიყვებოდნენ, რა აგრესია იყო მათ მიმართ და როგორ მისდევდნენ ქუჩაში. ზოგი ამბობდა, რომ რამდენიმე კილომეტრიც კი არბენინეს და გზადაგზა რეზინის ტყვიებს ესროდნენ“ - აღნიშნა სუბარმა.