27-11-2023
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხელ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დე-იურედ შემოიყვანოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს მოხდება იმ შემხვევაში, თუ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებს.
„ეთერში პირველად ვიძახი და მერე ვინმემ არ დამაბრალოს, გაუსწრო მოვლენებსო. ჩემთვის, ზურაბიშვილმა მისი რაღაც უაზრო ლოგიკით, შეიძლება ამ „არა და არასდროს“ ფრაზას არ გადააბიჯოს და წითელ ხაზად დაიტოვოს თავის შრომით ბიოგრაფიაში, მაგრამ შეიძლება გამონაკლისის სახით სააკაშვილს მიანიჭოს ორმაგი მოქალაქეობა და დე-იურედ შემოუშვას ის ქართულ პოლიტიკაში და ამ ფორმით მიაღებინოს მონაწილეობა 2024 წლის არჩევნებში, როგორც ოფიციალურად მის მიერ შექმნილი პარტიის ლიდერს.
ფაქტია, ნაცსექტის წარმომადგენლები გაურბიან ელემენტარულ კონსტიტუციურ მოცემულობას და თითქოს ვერ ხედავენ სააკაშვილში უცხო ქვეყნის მოქალაქეს. ამბობენ, რომ პარტია მისია და ამ დროს ვერ ხედავენ, რომ არჩევნებში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობა კონსტიტუციითაა აკრძალული. მეტიც, პერიოდულად ასახელებენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, თითქოს არ იცოდნენ, რომ ეს არ შეიძლება.
შეიძლება „არა და არასდროს“ დარჩეს მოცემულობად, მაგრამ ამ ქალბატონმა მოუხსნას სააკაშვილს ამ კუთხით უხერხულობის დაძლევის შესაძლებლობა - დაუბრუნოს მას საქართველოს მოქალაქეობა, გამონაკლისის სახით აქვს პრეზიდენტს ამის შესაძლებლობა, იმიტომ რომ თურმე ქართული სახელმწიფოს მშენებელი და დემოკრატიის შუქურა ყოფილა ეს კაცი,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.