30-11-2023
სასიხარულოა იმის აღნიშვნა, რომ ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამის ძირითადი პოლიტიკის მიმართულებები ზედმიწევნით შეესაბამება საქართველოს მისწრაფებას გახდეს რეგიონალური ცენტრი, რომელიც წარმოჩინდება როგორც გამარტივებული და დაჩქარებული სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტი ევროპასა და აზიას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შუა დერეფანზე საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ მისი უხარვეზო ფუნქციონირება მოითხოვს ერთობლივი გამშვები პუნქტების ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც მეზობელ ქვეყნებს საშუალებას მისცემს ერთი ფანჯრის პრინციპით სინქრონულად გაატარონ ტვირთები.
„იმ პირობებში, როდესაც ე.წ. შუა დერეფნის მნიშვნელობა იზრდება, როგორც ტრადიციული მარშრუტების სტაბილური და უსაფრთხო ალტერნატივა, მზად ვართ განვახორციელოთ ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რათა ხელი შევუწყოთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესებას. მათ შორისაა ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელი, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი და თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა.
ვაღიარებთ, რომ მრავალი ბარიერი კვლავაც აფერხებს საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების და ფიზიკური პირების სწრაფ მოძრაობას ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამის ქვეყნებს შორის. შუა დერეფნის უხარვეზო ფუნქციონირება მოითხოვს ერთობლივი გამშვები პუნქტების ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც მეზობელ ქვეყნებს საშუალებას მისცემს ერთი ფანჯრის პრინციპით სინქრონულად გაატარონ ტვირთები. ეს მიდგომა საქონლის ტრანსპორტირების ხარჯების მინიმუმამდე შემცირებას, ხოლო უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებას ისახავს მიზნად.
ძვირფასო მეგობრებო, მჯერა, რომ რეგიონში საქართველოს უნიკალური როლის გათვალისწინებით, ჩემი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთო რეგიონულ კეთილდღეობას.
ჩვენი მთავრობა აქცენტს აკეთებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე, ღირებულების გლობალურ ჯაჭვში ქვეყნის ინტეგრირებაზე, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნებაზე და ქვეყნის სატრანზიტო და განახლებადი ენერგიის პოტენციალის ეფექტურად გამოყენებაზე. ფაქტობრივად, ჩვენი თანმიმდევრული და ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით, საქართველომ წარმატებით შეინარჩუნა ეკონომიკური სტაბილურობა, რეგიონალური და გლობალური მასშტაბის გამოწვევების მიუხედავად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.