გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ილია დარჩიაშვილი ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრაზე: პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა გაეზიარებინა მისთვის ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ ბოლო პერიოდში გადადგა

1-12-2023

ამ ღონისძიების პარალელურად პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა სხვადასხვა ლიდერებთან კომუნიკაციის. პრემიერ-მინისტრს დღეს ჰქონდა ორმხრივი შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ბატონ მიშელთან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს.


როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა,პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის მუდმივი, ძალიან ხშირი კომუნიკაცია, რომელიც კონკრეტულ შედეგებზე არის ორიენტირებული, გრძელდება.


„პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა გაეზიარებინა მისთვის ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ ბოლო პერიოდში გადადგა. რა თქმა უნდა, დადებითად იქნა შეფასებული ევროკომისიის მიერ მიღებული დადებითი რეკომენდაცია, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას ევროპული საბჭოსადმი. ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის, ტრადიციულად მათ ისაუბრეს საშუალო, მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი საერთო თანამშრომლობის საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრაც ახალ საინტერესო იმპულსს მოიტანს ჩვენი მომავალი თანამშრომლობის - ევროკავშირისა და საქართველოსი.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაუზიარა პრეზიდენტს იმ მოლოდინების შესახებ, რომელიც ქვეყანაში არის, რადგანაც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება, რომელიც იქნება ახალი ფურცელი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე და სწორედ ამ მოლოდინებზე, დადებით მოლოდინებზე და გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ჩვენ ველოდებით ევროპული საბჭოსგან, იყო საუბარი. საუბარი იყო ძალიან საინტერესო, კონკრეტულ რეფორმებსაც შეეხო. პრემიერ-მინისტრმა გაუზიარა პრეზიდენტს ბოლო პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან შექმნილი დოკუმენტები. საუბარი მაქვს სამოქმედო გეგმებზე, სადაც გაწერილია ვადებში ჩვენს მიერ მომავალში განსახორციელებელი რეფორმები. კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმული, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს იმ პასუხისმგებლობის აღებას, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან პერსპექტივაში რეფორმირებას. ეს იყო ძირითადი საკითხები, რომლებზეც იყო საუბარი პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტსა შორის", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930