4-12-2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დირექტორობის მსურველთა კონკურსის შესახებ ჟურნალისტების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტები მიზანმიმართულად ცდილობენ, როგორმე დააზიანონ რეფორმები, რომლებიც წარმატებით ხორციელდება და ავრცელებენ დეზინფორმაციას სხვადასხვა საკითხზე – იქნება ეს მასწავლებელთა ხელფასების მატება, თუ დირექტორობის მსურველთა კონკურსი.
გიორგი ამილახვარი: „აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გავაკეთე და კიდევ ერთხელ განვმარტავ. დღეს ჩვენი ოპონენტები ხედავენ, რეფორმები წარმატებით მიმდინარეობს, პრობლემებს ვუმკლავდებით და პოზიტივი მოდის სისტემიდან – ბუნებრივია ახლა მათ სხვა ამოცანა არ ამოძრავებთ, გარდა იმისა, რომ როგორმე დააზიანონ ეს პროცესი. ისინი ავრცელებენ დეზინფორმაციას სხვადასხვა საკითხზე. იქნება ეს ხელფასებისმატება, თუ დირექტორობის მსურველთა კონკურსი.
აღსანიშნავია, რომ სკოლების 92%-ში,სადაც კონკურსები ჩატარდა და აპლიკანტებმა შემოიტანეს განცხადებები, სკოლების სამეურვეო საბჭოებმა თავად აირჩიეს კანდიდატები.მხოლოდ 8% დარჩა ისეთი, სადაც არ აურჩევიათ.
მე გამიზნულად არცერთი დისკრეცია არ გამომიყენებია, თუმცა ამის სრული, კანონიერი უფლება მაქვს. და ახლა ზოგიერთი ადამიანი აცხადებს, რომ უნდა გამოვიყენოთ დისკრეცია. რისთვის უნდა გამოვიყენოთ? კვალიფიციურმა კომისიამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ წარდგენის უფლება გამოვიყენეთ.
იყო ადგილები სადაც აირჩიეს კანდიდატი, მაგრამ იყო ადგილები, სადაც არ აურჩევიათ. თუ ვინმე არ იქნა წარდგენილი ეს აუცილებლად დასაბუთებულია შესაბამის ოქმებში. ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს თუ ფიქრობს, რომ მათი უფლება შეილახა.
სიმართლე ერთია – დაახლოებით 900 სკოლაა, სადაც ახალი დირექტორი დაინიშნა და ერთ შემთხვევასაც ვერ ასახელებენ, რომ ვინმე არაკვალიფიციური ან გარკვეული სუბიექტური მიზნებით განმწესებული, ხელისუფლებასთან დაკავშირებული ადამიანი შეირჩა.
ბრძენია ხალხი, ბრძენი არიან ჩვენი პედაგოგები და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ქმნიან განათლების სისტემას.
შესაბამისად, ბუნებრივია, ისინი არასდროს აჰყვებიან ვიწრო ინტერესებზე დაფუძნებულ ცრუ აჟიოტაჟს, რომლის უკანაც შესაძლოა, იყოს გულისწყრომა.
კიდევ ერთხელ ვაცხადებ, თუ ვინმე თვლის, რომ მისი უფლებები დაირღვა, ამისთვის არ არის გარკვეული პროტესტები საჭირო, ამისთვის საჭიროა სამართლებრივად მოქმედება.
იმ შემთხვევაში, თუამ პროტესტის უკან დგას დიდი პოლიტიკური ამოცანები, მაშინ გასაგებია რატომაც – მათ უნდათ, დააზიანონ ის მასშტაბური რეფორმები, რომლებიც ჩვენ განათლების სისტემაში დავიწყეთ.“