საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, რუსეთი აგრესორია და მან ტერიტორიების უკუპაცია საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დაიწყო.
მისივე თქმით, 2008 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ ააცილა რისკი საქართველოს მოსახლეობას და არ გაითვალისწინა ის ინფორმაციები, რომელსაც ქვეყნის მეგობრები იძლეოდნენ,
„გუშინ არ მომისმენია ქალბატონმა სალომემ რა თქვა. რუსეთი არის აგრესორი, მან მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ეს არ დაწყებულა 2008 წელს, ეს დაიწყო გაცილებით ადრე, იმ დღიდან როდესაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა. რა თქმა უნდა, რუსეთი აგრესორია, მან მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში შემოჭრის და დაიწყო საომარი ოპერაციები. რუსეთმა მოახდინა მოსახლეობის გამოდევნა ჩვენი ისტორიული მიწებიდან და მივიღეთ ჰუმანიტარული კატასტროფა. ეს არის ჩვენი და ჩვენი მეგობრების შეფასება.
სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ ააცილა ეს რისკი საქართველოს მოსახლეობას და არ გაითვალისწინა ის ინფორმაციები, რომელსაც ჩვენი მეგობრები იძლეოდნენ, რომ რუსეთი ემზადებოდა ამ ომისთვის საკმაოდ სისტემურად და ქმნიდა ინფრასტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემდა საქართველოში ეს სამხედრო ოპერაცია განეხორციელებინა. ჩვენ მივღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და მხარს ვუჭერთ არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის საგარეო ორიენტირი, რომელიც გვაქვს და აუცილებლად უნდა იქნეს მიღწეული, ეს არის საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ეს ასევე გულისხმობს საქართველოში ევროპული ტიპის დემოკრატიის მშენებლობას. სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ეს არაერთხელ ავხსენი“, - განაცხადა ბახტაძემ.