გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის „კერძო პარტნიორის შესარჩევი კომისიის" მორიგი სხდომა გაიმართა

8-12-2023

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის თავმჯდომარეობით ეკონომიკის სამინისტროში „ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების მიზნით კერძო პარტნიორის შესარჩევი კომისიის" მორიგი სხდომა გაიმართა.


უწყებათაშორისმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა და დაამტკიცა კვალიფიცირებული კანდიდატებისთვის წარსადგენ წინადადებათა წარმოდგენის შესახებ მოწვევის (RFP) დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტაცია მოიცავს როგორც წინადადების წარმოდგენის შესახებ მოწვევის დოკუმენტს, ისე კონცესიისა და პარტნიორთა ხელშეკრულებების პროექტებს.


აღნიშნული დოკუმენტაცია შემუშავებულ იქნა სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს" მიერ - სააგენტოს საერთაშორისო კონსულტანტების, კერძოდ, იურიდიული კონსულტანტის Squire Patton Boggs, კომერციული კონსულტანტის - Maritime Transport & Business Solutions (MTBS) და ტექნიკური კონსულტანტის -Port Consultants Rotterdam მონაწილეობით.


დოკუმენტით გათვალისწინებულია პროექტის სპეციფიკური მახასიათებლები და აქტივებთან/ქონებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ის ასევე მოიცავს შემდეგ საკითხებს - კვალიფიცირებულ კანდიდატთა მიერ წინადადებების წარდგენის ინსტრუქცია; წარმოსადგენი დოკუმენტაციის შინაარსი; შესარჩევ პროცესთან დაკავშირებული ვადების შესახებ ინფორმაცია და შეფასების კრიტერიუმები (როგორც კომერციულ/ტექნიკურ, ისე ფინანსურ და სამართლებრივ კრიტერიუმები). ამასთან, დოკუმენტი ითვალისწინებს კანდიდატთა მიერ წარმოსადგენ წინადადების უზრუნველყოფის გარანტიას, მის ოდენობას, ფორმას, ვადას, მის ძირითად პირობებსა და აღსრულების საფუძვლებს.


კანდიდატებს ასევე გაეგზავნებათ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული კონცესიისა და პარტნიორთა ხელშეკრულებების პროექტები - ისინი შემდგომ ეტაპზე დაექვემდებარება გამარჯვებულ ან მოკლე სიაში გადასულ კანდიდატთან მოლაპარაკებებს.


კომისიის სხდომის დასრულებისას გაფორმდა ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერეს კომისიის თავმჯდომარემ - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და კომისიის წევრებმა - ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა.


კომისიის გადაწყვეტილებით, კვალიფიციურ კანდიდატებს წინადადებების წარმოსადგენად ვადა 19 თებერვლამდე მიეცათ. კომისია საერთაშორისო კონსულტანტების მეშვეობით შეაფასებს წარმოდგენილ წინადადებებს და გამოავლენს გამარჯვებულს, რომელთანაც გაიმართება მოლაპარაკებები შესაბამის ხელშეკრულებებზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930