13-12-2023
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება 100 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 1 მილიარდ 816 მილიონ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის წინა ვარიანტთან შედარებით, გაზრდილია 14 მილიონ ლარზე მეტით.
მისი თქმით, აღნიშნული თანხა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დელეგირებული ფუნქციის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტებზე გადასაცემ თანხას წარმოადგენს, რომელსაც 2024 წლიდან ფინანსთა სამინისტროს ნაცვლად, ჯანდაცვის სამინისტრო გადაურიცხავს შესაბამის მუნიციპალიტეტებს.
ჯანდაცვის პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხის ნახევარზე მეტი, 1 მილიარდ 35 მილიონი ლარი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებას ხმარდება:
• გაფართოვდება ქრონიკული დაავადებების პროგრამა და პენსიონერები მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნებიან ყველა ქრონიკული დაავადებისთვის საჭირო მედიკამენტებით;
• დაიწყება ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება, რაც ყოველთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა;
• ასევე, მედიკამენტების მწარმოებლებთან მიღწეული შეთანხმებით მიღებული ეკონომიის ხარჯზე, შესაძლებელი გახდება გამოყოფილი ლიმიტების ფარგლებში ონკოლოგიური მკურნალობის სრული კურსის დაფინანსება;
• გაგრძელდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის სრულყოფილ კურსზე ხელმისაწვდომობას.
პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით, გამოყოფილია 210 მილიონი ლარი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება სასწრაფო დახმარების პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა, ასევე, სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების 100 ლარით ზრდა;
სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციისა და აღჭურვის მიზნით, გამოყოფილია 87,5 მილიონი ლარი. პირველადი ჯანდაცვის განვითარების მიზნით, მომდევნო წელს პროგრამის ფარგლებში განხორციელდება 100-მდე ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები.