13-12-2023
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ბანერები, რომელსაც თქვენ „სისხლიან ბანერებს“ უწოდებთ, გააკრა კონკრეტულმა ბიზნესმენმა, რომელიც თქვენმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აწამა, დაატერორა, დაარეკეტა თავის დროზე, მოშე რა შუაშია იმ ადამიანთან - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტვ „პირველის“ შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა „ქართული ოცნების“ მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებას მოშე კლუგჰაფტთან, როგორც საარჩევნო პერიოდში პარტიის სტრატეგიულ მრჩეველთან.
როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ეს არის ძალიან მავნებლური კამპანიის გაგრძელება. ის ბანერები გააკრა ადამიანმა, ფული გადაიხადა და ამის შესახებ განაცხადა.
„ცალსახა ტყუილია, მაშინ რომ ტყუილი შეაპარეთ საზოგადოებას და ვიღაცეებს დააჯერეთ, რომ ეს იყო მოშეს შემოქმედება, სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ის ბანერები გააკრა ადამიანმა, ფული გადაიხადა კონკრეტული, განაცხადა ამის შესახებ. ეს იყო ღია და გამჭვირვალე ინფორმაცია, რომ შეხება არათუ მოშეს, არამედ „ქართულ ოცნებას“ არანაირი არ ქონდა. მათ შორის, ის კონკრეტული ბიზნესმენი „ქართული ოცნების“ წევრიც კი არ არის, ამიტომ, ეს იყო ბინძური სპეკულაცია და აქედან ააგეთ ნარატივი, ამ ერთ ვითომ მტკიცებულებაზე, რომელიც ასევე ყალბი აღმოჩნდა და არანაირ მტკიცებულებას არ წარმოადგენს, რომ მოშე არის შავი პიარის სპეციალისტი. ეს იყო თქვენი მტკიცებულება. ეს მტკიცებულებაა ყალბი და ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე განვითარებული მსჯელობა გვახსოვს 2012 წლამდეც, ფიზიკურად როგორ ხორციელდებოდა ამის საფუძველზე ტერორი და ახლა ფსიქოლოგიურ ტერორს ახორციელებთ საზოგადოებაზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, მოშე კლუგჰაფტი საუკეთესო პროფესიონალი და ერთერთი ძლიერი, ცნობილი პიარ სტრატეგია.
„რაც შეეხება ბატონ მოშეს, რომელიც არის მართლაც საუკეთესო პროფესიონალი, დღეს თანამედროვე სამყაროში ერთერთი ძლიერი, ცნობილი პიარ სტრატეგი, მასთან ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა წარსულშიც. სხვათა შორის, მისი საქმიანობის მიმართულება იყო პოზიტიური პიარი და ძალიან ბევრი კარგი რჩევაც მოუცია ჩვენთვის, ჩვენ მასთან გვქონია უამრავი საჭირო და შედეგიანი დისკუსიები და გავაგრძელებთ აუცილებლად მასთან თანამშრომლობას, იმიტომ, რომ კარგი და პოზიტიური გამოცდილება გვაქვს. თქვენგან განსხვავებით, ჩვენ მას არ ვაბრალებთ, რომ შავი პიარის სპეციალისტია. არც ვკადრებთ ასეთს. სხვათა შორის, ბოლო ორი დღის განმავლობაში ინტენსიური შეხება მქონდა და ერთი სიტყვა არ დაგვიძრავს ნეგატიურ პიარზე. შემიძლია დაგამშვიდოთ, თქვენ თქვენ თავს იშავებთ ისე, რომ არც მოშე გჭირდებათ, არც მამუკა, არც ირაკლი და არც სხვა ადამიანები, რომლებიც „ქართული ოცნების“ პიართან თუ მენეჯმენტთან რაიმე შეხებაში არიან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.