13-12-2023
სამშაბათს თეთრ სახლში გამართული შეხვედრის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას „მანამ, სანამ ჩვენ შეგვიძლია“. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი Financial Times-ი ავრცელებს.
ბრიტანული გაზეთი Financial Times-ი აღნიშნავს, რომ წარსულში ბაიდენმა პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერდა უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნებოდა, თუმცა სამშაბათს მისი სიტყვები უფრო ზომიერი იყო.
"ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებას მანამ, სანამ შეგვიძლია, მაგრამ დამატებითი დაფინანსების გარეშე ჩვენ სწრაფად გვეწურება ჩვენი შესაძლებლობა, დავეხმაროთ უკრაინას, უპასუხოს გადაუდებელ ოპერატიულ საჭიროებებს", - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინისათვის ნებისმიერი დახმარების გამოყოფას თან უნდა ახლდეს აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოების საკითხი.
"ეს არის ჩვენი პირობები, რადგან ეს არის ამერიკელი ხალხის პირობები", - აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.
"რესპუბლიკელმა" სენატორმა, ჯონ კორნინმა, სენატის "რესპუბლიკელების" ლიდერის, მიტჩ მაკკონელის გუნდის წევრმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინისათვის დამატებითი დაფინანსების განხილვა, სავარაუდოდ, 2024 წლამდე გადაიდო.
მისი თქმით, აშშ-ის სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოებაზე შეთანხმების მიღწევა 25 დეკემბრამდე შეუძლებელი იქნება.