15-12-2023
დიდი სიამაყით და დიდი სიხარულით გილოცავთ ისტორიულ გადაწყვეტილებას - საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს არის ქვეყნის და ხალხის გამარჯვება.
„ყველას მოგესალმებით ჩემო ძვირფასო თანამემამულენო! დიდი სიამაყით და დიდი სიხარულით გილოცავთ ისტორიულ გადაწყვეტილებას - საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. გილოცავთ ყველას! მე მინდა, თითოეულ მოქალაქეს მოგილოცოთ დღევანდელი ისტორიული დღე. ეს ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის გამარჯვება. ეს ნამდვილად არის ღირსეულად მოპოვებული, დამსახურებული სტატუსი, რომელიც ჩვენ, ხელისუფლებამ, ჩვენს ხალხთან ერთად და ჩვენი ხალხისთვის მოიპოვა. ჩვენ ვიბრძოლეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ.
მე მინდა, ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ჩვენი ევროპელი მეგობრების მიმართ. პირველ რიგში, მინდა დავიწყო ჩემი მადლობით ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ. მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ შარლ მიშელს, რომელმაც ახლა დამირეკა და პირ5ადად მომილოცა დღევანდელი დღე და ეს ისტორიული გამარჯვება. მე ასევე მაქვს პატივი, გადმოგცეთ მისი მილოცვა ქართველი ხალხისადმი. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ვარჰეის, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩართული იყო და იყო ერთ-ერთი მთავარი გულშემატკივარი, ქალბატონ ურსულასთან და შარლ მიშელთან ერთად და რაც მთავარია - ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის თითოეულ ლიდერს მე მინდა მადლობა გადავუხადო ერთსულოვნებისთვის და ერთხმად გამოხატული ძლიერი მხარდაჭერისა და ნდობისთვის", - განაცხადა პრემიერმა.