18-12-2023
2012 წელს დღგ-ს ზედმეტობის სახით ბიზნესს დაუბრუნდა 140 მლნ ლარი, წელს უკვე დაუბრუნდა 2 მილიარდ 200 მილიონი ლარი და მომდევნო წელს დაბრუნებული თანხა იქნება 2 მილიარდ 500 მილიონი ლარი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ინიციატივა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და აღნიშნულმა რეფორმამ ძალიან ბევრი თავისუფალი ფული გაუჩინა ბიზნესს და ბიზნესმა, რეალურად ამოისუნთქა.
„კიდევ ერთი საინტერესო მონაცემი მინდა გაგიზიაროთ, 2012 წელს დღგ-ს ზედმეტობის სახით ბიზნესს დაუბრუნდა 140 მლნ ლარი მხოლოდ. წელს ბიზნესს დღგ-ის ზედმეტობის სახით უკვე დაუბრუნდა 2 მილიარდ 200 მილიონი ლარი. ეს არის წლევანდელი მონაცემი. მომდევნო წელს დაბრუნებული თანხა იქნება 2 მილიარდ 500 მილიონი ლარი. სხვათაშორის, ეს ინციატივაც ეკუთვნის პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. სწორედ მისი ინიციატივით განხორციელდა ეს რეფორმა, რამაც ძალიან ბევრი თავისუფალი ფული გაუჩინა ბიზნესს და ბიზნესმა, რომ იტყვიან, რეალურად ამოისუნთქა და სახეზე გვაქვს ბუნებრივია შედეგი, რომელზეც ახლა გესაუბრებით.
2022 წელს საქართველოს ექსპორტმა 5.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2012 წელთან შედარებით ეს არის 135%-იანი ზრდა. წელს იანვარ-ნოემბერში საქონლის ექსპორტი 11 პროცენტით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით და შეადგინა 5.6 მილიარდი დოლარი, რაც ისტორიული, რეკორდული მაჩვენებელია და 2012 წელთან შედარებით ეს არის თითქმის 2.5-ჯერ ზრდა",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.