გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: მუნიციპალურ საპარკინგე ადგილებზე მოქალაქეებისთვის ავტომობილის გაჩერების შეზღუდვის უფლება არავის აქვს

13-09-2018

თბილისის მერმა კახა კალაძემ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსს, გიორგი ბაგრატიონს დაავალა, იმ ტერიტორიებზე, სადაც მუნიციპალური საპარკინგე ადგილები ხელოვნურად არის შეზღუდული, დროული მონიტორინგი განახორციელონ. 

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული მიმართულებით პრობლემები არსებობს, რადგან კერძო პირებს - კომერციული სივრცეების მეპატრონეებსა და ე.წ. სტაიანშიკებს, მუნიციპალური საპარკინგე ადგილები მიზანმიმართულად აქვთ ჩაკეტილი.

„ხშირია შემთხვევები, როდესაც კომერციული სივრცეების მეპატრონეებსა და ე.წ. სტაიანშიკებს, საპარკინგე ადგილები მიზანმიმართულად აქვთ ჩაკეტილი, რომელიც მუნიციპალურია და რომლითაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ისარგებლონ. ეს მიდგომა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. მინდა დავავალო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, გიორგი ბაგრატიონს, რაც შეიძლება მალე იქნეს მოწესრიგებული ეს ყველაფერი. ადამიანებს, ვინც პარკირების წლიურ აბონემენტს პატიოსნად იღებს, ელემენტარულად იმის საშუალება არ აქვთ, რომ ავტომობილები გააჩერონ. ამას ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 

კახა კალაძემ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს აღნიშნული მიმართულებით, დროული რეაგირების მოხდენა და პრობლემის მყისიერი მოგვარება სთხოვა. 

„მყისიერი რეაგირება მოახდინეთ და თუ მოსაშლელია, მოშალეთ სპეციალური მონიშვნები, რაც კატეგორიულად მიუღებელია. იმოქმედეთ კანონის ფარგლებში, რადგან ეს ჩვეულებრივი სამართალდარღვევაა. ასევე, ხშირია შემთხვევები, რომ თუ „სტაიანშჩიკებს“ ფულს არ გადაუხდიან, მძღოლებს პარკირების შესაძლებლობას არ აძლევენ. ესეც კატეგორიულად მიუღებელია. არავის აქვს უფლება, მუნიციპალურ საპარკინგე ადგილებზე, სადაც მოქალაქეები შესაბამის საფასურს იხდიან, ვინმემ მათ ავტომობილის გაჩერება შეუზღუდოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისი თქმით, მომავალი წლიდან, ქალაქში პარკირების ახალი მოდელი ამოქმედდება, რომელიც სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში შემუშავდა. 

„2019 წლიდან პარკირების ახალი მოდელი ამოქმედდება, რომელიც სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში შევიმუშავეთ. ახალი მოდელი ზონალურ პარკირებას ითვალისწინებს, რაც კანონპროექტის სახით უკვე მომზადებული გვაქვს და პარლამენტს გადაეგზავნება. მინდა საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერისკენ მოვუწოდო, რადგან მგონია, რომ ამ რეფორმის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ. 



ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031