21-12-2023
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე სს „თელასის" განახლებულ ქვესადგურს ეწვია და კომპანიის ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია როგორც უკვე გაწეული, ისე თბილისის უწყვეტი ენერგომომარაგებისთვის დაგეგმილი სამუშაობის შესახებ.
ქვესადგურ „სანაპირო"-ში რეაბილიტაცია დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საგრძნობლად გაიზარდა აღნიშნულ ენერგეტიკულ კვანძში მომხმარებელთა რაოდენობა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ კომპანიის ხელმძღვანელებისგან მიიღო დეტალური ინფორმაცია ქალაქის სხვა საკვანძო სადგურებში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. აღინიშნა, რომ ქვესადგურებში ჩატარებული რეკონსტრუქცია „თელასს" საშუალებას აძლევს, სრულად და ეფექტურად გაანაწილოს გაზრდილი სიმძლავრე, გარდა ამისა, მიმდინარეობს ასევე მუშაობა ელექტრომომარაგების წყაროების დივერსიფიკაციის მიზნით, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს დედაქალაქის უწყვეტ ენერგომომარაგებას.
„კომპანია „თელასის" ინფრასტრუქტურით ხორციელდება დაახლოებით 750,000 აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგება. როგორც ამ, ისე სხვა ქვესადგურებში კომპანიამ ჩაატარა მასშტაბური რეაბილიტაცია, რაც მომავალშიც გაგრძელდება. შედეგად, როგორც საბურთალოს, ისე ქალაქის სხვა უბნების მოსახლეობას ექნება უფრო სტაბილური ენერგომომარაგება. მნიშვნელოვანია, რომ ზამთრის სეზონისთვის როგორც არსებული ინფრასტრუქტურა იყო ტექნიკურად გამართული, ასევე კომპანია მზად იყოს, ნებისმიერი ტექნიკური ხასიათის გამოწვევისთვის. ჩვენ ვნახეთ, რომ „თელასში" ამ მხრივაც მომზადებული არიან," - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
რაც შეეხება უშუალოდ ქვესადგურ „საბურთალოს", აღნიშნულ კვანძში სისტემატიურად მზარდი მოხმარების გამო, 2017 და 2021 წლებში გაიზარდა ქვესადგურის დადგმული სიმძლავრე 50 მეგავატამდე. შედეგად, იმ დროისთვის არსებული ორი 16-მგვტ-ის ძალოვანი ტრანსფორმატორის ნაცვლად, ორი ახალი 25-მგვტ-ის სიმძლავრის ტრანსფორმატორი დამონტაჟდა. აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მიზანია თბილისის საბურთალოს რაიონების ელექტრომომარაგების ეფექტიანობისა და საიმედოობის გაზრდა, ასევე სიმძლავრეების გაზრდა ქალაქის ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის.