12-01-2018
ერთი მთლიანი პაზლის რომელ დეტალებს ვერ ხედავს და ვერ ითვალისწინებს თავის დამოკიდებულებაში ხელისუფლება, როდესაც საქმე პანკისის ხეობას ეხება? ეს მნიშვნელოვანი კითხვაა, რომელიც აქტუალობას არც აქამდე კარგავდა, ბოლო დროინდელი გახმაურებული სპეც-ოპერაციებისა და 19 წლის პანკისელი ახალგაზრდის თამერლან მაჩალიკაშვილის სიკვდილის შემდგომ კი საკითხის შესწავლა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.
ტერორიზმთან, სავარაუდო კავშირების მქონე დაკავებული პირების საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა. აქამდე არ არსებობს ოფიციალური პასუხები იმის თაობაზე, თუ რა მოხდა, ვინ ეხმარებოდა აჰმედ ჩატაევს და სხვა.
ხელისუფლების წარმომადგენლები ერიდებიან პირდაპირ თქვან, რა დროს და ვისთან მიმართებით შეიძლება დადასტურდეს ტერორიზმის ბრალდება. ამის მიუხედავად, ოფიციალური პირების განცხადებებში მაინც ისმის გარკვეული მესიჯები. მაგალითად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი სოფიო კილაძე ამბობს: „დიდი მითქმა–მოთქმაა ატეხილი იმაზე, რომ ბატონ მაჩალიკაშვილს არ გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და იყო სამართალდარღვევები. დღეს ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ მათ შეგნებულად თქვეს უარი მაჩალიკაშვილის მიღებაზე და სამედიცინო დახმარებაზე, იმიტომ რომ, პირდაპირ თქვა მინისტრმა, ეს დააზიანებს, არა მხოლოდ, ქვეყნის საგარეო ინტერესებს, არამედ შიდა უსაფრთხოებასაც“.
მისი თქმით, ეს ბევრ რამეზე მიანიშნებს. სოფიო კილაძე არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის გამოხმაურებას „უპასუხისგმებლოს“ უწოდებს: „ როდესაც ავსტრიის შს მინისტრი კონკრეტულ პირს უარს ეუბნება სამედიცინო გაწევაზე, მგონი, ეს ძალიან ბევრ რამეზე მიანიშნებს. ეს არის საფუძველი ვარაუდისთვის, რომ, სამწუხაროდ, ეს გარდაცვლილი ახალგაზრდა ნამდვილად იყო ტერორისტულ საქმიანობაში ჩართული. ამას არ ამბობენ მხოლოდ ქართული სპეც–სამსახურები, ამას ერთ–ერთი განვითარებული, დემოკრატიული და მისაბაძი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრიც კი ამბობს.“
„ამერიკის ხმა“ ჟურნალისტს, პანკისის სათემო რადიოს ხელმძღვანელს გელა მთივლიშვილს ესაუბრა. ის უკვე ორი წელია პანკისის ხეობაში არასამთავრობო ორგანიზაციას მეთაურობს. ის მთავრობას და პანკისელებს შორის გაუცხოებაზე საუბრობს.
„მთელი ამ დღეების განმავლობაში ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ მოსულა პანკისის ხეობაში ხალხთან შესახვედრად, თუნდაც სამძიმრის სათქმელად. არ მგონია, ამას შეემსუბუქებინა აქ არსებული ვითარება, მაგრამ შესაძლებელია, ასეთ ჟესტს ხელი შეეწყო ხელისუფლებასა და ადგილობრივებს შორის იმ გაუცხოების შერბილებისთვის, რაც ბოლო პერიოდში აქ იგრძნობოდა“, - ამბობს გელა მთივლიშვილი. მისი თქმით, ხეობაში არავინ ამბობს, რომ სახელმწიფომ ტერორიზმის წინააღმდეგ არ უნდა იბრძოლოს და მოსახლეობის აღშფოთება ორ რამეს უკავშირდება: „აბსოლუტური უმრავლესობის მოსაზრებით, რაც აქციაზეც დააფიქსირეს, არ იყო საჭირო ასეთი ძალის დემონსტრირება, რადგან მათ ისედაც შეეძლოთ დაეკავებინათ ის ხუთი პირი, ღამით სახლებში შევარდნის, სპეც–ოპერაციის გარეშეც, მათ შორის ერთობლივად დაკავებაც იყო შესაძლებელი. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ცდილობს შიშის დანერგვას ხეობაში. მეორე: პანკისში ფიქრობენ, რომ მაჩალიკაშვილს არ ჰქონდა ხელყუმბარა, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, სპეცრაზმს მისთვის უნდა ესროლა მისი განეიტრალების და არა მისი ლიკვიდაციის მიზნით, პირდაპირ შუბლში“.
2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, პანკისში 6 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. მთვილიშვილი ამბობს, რომ დღეს მოსახლეობა გაცილებით ნაკლებია, რადგან ვიზა-ლიბერალიზაციის შემდგომ ხეობა ბევრმა ოჯახმა დატოვა.
„ჩეჩნეთის ომების შემდგომ აქ ბევრი ადამიანი დასახლდა ჩრდილო კავკასიიდან, მათ შორის, ბოევიკები და პანკისი, გარკვეულწილად, იქცა უკონტროლო ზონად. საქართველოს იურისდიქცია კი ვრცელდებოდა, მაგრამ კონტროლი არ ხორციელდებოდა. მას შემდგომ პანკისი ნეგატიურ კონტექსტში განიხილება, ბევრი სტიგმა და სტერეოტიპია. ყველა მოქმედება ძალოვანების მხრიდან, რაც უკავშირდება ტერორისტული რისკების პრევენციას, სპეც-ოპერაციებს, ამ დამღას კიდევ უფრო ამუქებს. ადგილობრივებს ეს კარგად ესმით და ამბობენ, რომ თუკი არის საშიშროება, სამართალდამცავებმა რეაგირება უნდა მოახდინონ", ამბობს გელა მთივლიშვილი.
რაც შეეხება უშუალოდ მაჩალიკაშვილის შემთხვევას, მთივლიშვილი ამბობს, რომ ამ ფაქტმა ხეობაში ხელისუფლების მიმართ არსებული უკმაყოფილება და უნდობლობა უფრო გააღრმავა. მისი თქმით, პანკისელი ქისტები მიიჩნევენ, რომ არიან უთანასწორო სიტუაციაში და იჩაგრებიან ხელისუფლების მხრიდან.
ბოლო ორი წლის განმავლობაში პანკისში ხელისუფლებამ, დაახლოებით 12 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტუქტურული პროექტები განახორციელა, კახეთის რეგიონებს შორისყველაზე დიდი ინვესტიცია აქ ჩაიდო. მოგვარდა გაზმომარაგების საკითხი, სასმელი წყლით უზრუნველყოფა, აშენდა პირველადი სამედიცინო ცენტრი, საჭიდაო დარბაზის, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც არასაკმარისია – მიიჩნევს მთივლიშვილი:
„პირველ რიგში, საჭიროა მუშაობა ადამიანებთან, რომ იგრძნონ თავი საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებად. აქ იგულისხმება კომპლექსური ღონისძიებების გატარება და არა მხოლოდ ინფრასტურქტურული უზრუნველყოფა. როდესაც ხდება დანაშაული, არავინ არ აპროტესტებს მასზე სამართლებრივ რეაგირებას. მაგრამ მათ აქვთ განცდა, რომ ხელისუფლება მათ ჩაგრავს“, დასძენს ის.
პანკისის ხეობიდან 25–ზე მეტი ადამიანი სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ სასარგებლოდ ბრძოლებშია დაღუპული. ეს, ერთი შეხედვით, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ აქ, მართლაც, შესაძლოა, ნოყიერი ნიადაგია ტერორიზმისთვის. მთივლიშვილის აზრით, პანკისში არსებულ პრობლემებზე „ხელისუფლება სხვაგვარად უნდა რეაგირებდეს“ და ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ხელისუფლების ყურადღების მიღმა რჩება, ეს თავად პანკისელების აღქმებია - ის, თუ როგორ იღებენ ისინი ხელისუფლების ამა თუ იმ ქმედებას.