29-12-2023
ყველა ჯერზე, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, ჩადიოდნენ ევროპის დედაქალაქებში, უფრო მეტად რთულდებოდა ის პროცესი, რაც დაკავშირებული იყო კანდიდატის სტატუსის მიღებასთან. ამას ჰქონდა ძალიან მარტივი ახსნა - ისინი იქაც იგივეს ლაპარაკობდნენ, რასაც ლაპარაკობდნენ ქვეყნის შიგნით. ამბობდნენ, რომ ქვეყანა არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ყველა მიმართულებით აკრიტიკებდნენ ქვეყანას, ხელისუფლებას - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE” -ში განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის მთელი საქმიანობა მიმართული იყო იქითკენ, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი.
„გარეთ ხომ ვერ წახვალ და სხვა რამეს ხომ ვერ ილაპარაკებ? ჯერ მარტო ის ადამიანები იმასაც უსმენენ, რასაც ოპოზიცია საუბრობს ქვეყნის შიგნით. რასაც ლაპარაკობდნენ ქვეყნის შიგნით, იგივეს ლაპარაკობდნენ ქვეყნის გარეთ. ამბობდნენ, რომ ქვეყანა არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ყველა მიმართულებით აკრიტიკებდნენ ქვეყანას, ხელისუფლებას და ა.შ. ასეთ პირობებში მათი მთელი საქმიანობა მიმართული იყო იქითკენ, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი.
გათვლა იყო უმარტივესი - არ იღებ სტატუსს, ამან უნდა გამოიწვიოს ხალხის მღელვარება და მღელვარების ფონზე კიდევ ერთხელ უნდა სცადო რევოლუციის მოწყობა. თუმცა, ამის პერსპექტივა არც იყო. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, მაინც არ ჰქონდათ რევოლუციის მოწყობის არავითარი შანსი. საბოლოო ჯამში ყველაფერი დაგვირგვინდა ძალიან კარგად ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და ყველა მიმართულებით გვქონდა წარმატება და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება იყო ამ პროცესების ძალიან დადებითი კულმინაცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.