29-12-2023
თუ შეხედავთ იმ 9 პრიორიტეტს, რომელიც წარმოადგინა ევროკავშირმა და მას შეადარებთ 12-პუნქტიან გეგმას, რომელიც თავის დროზე, ორი წლის წინ წარმოგვიდგინეს, მოცულობით დაახლოებით იმის მეათედია, რაც იყო 12-პუნქტიანი, ანუ, 9-პუნქტიანი მოცულობით ათჯერ ნაკლებია. შესაბამისად, ამ ამოცანის შესრულება ბევრად უფრო მარტივია, ნაკლებ ძალისხმევას და დროს მოითხოვს, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე დაამტკიცა, რომ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტების შესრულების ნება და რესურსი გააჩნია.
კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს შეუძლია ერთპარტიულად შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები, შესაბამისად, ოპოზიციის გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა ამ პროცესში მონაწილეობას.
"არსებობს სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად არის გაწერილი თითოეული ნაბიჯი, რომელიც უკავშირდება 9 პრიორიტეტის შესრულებას. ჩვენ 12 პრიორიტეტის მაგალითზე უკვე დავამტკიცეთ რომ გვაქვს ნება და რესურსი, სათანადოდ შევასრულოთ პრიორიტეტები, რომლებსაც წარმოგვიდგენს ევროკავშირი, ასევე გავყვებით რა თქმა უნდა, 9 პრიორიტეტსაც. რაც შეეხება ოპოზიციის მონაწილეობას, მათი გადასწყვეტია. ჩვენ, როგორც წინა შემთხვევაში, ახლაც შეგვიძლია ერთპარტიულად უზრუნველვყოთ ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება, შეგვიძლია მარტო, ოპოზიციის გარეშე ვიმუშაოთ. თუ ჩაერთვებიან, ეს არის მათი საქმე" - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.