15-01-2024
საყოველთაოდ ცნობილია ჩინეთის პოზიცია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ჩინეთის მიმართ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების - ევროკავშირის, აშშ-ის დამოკიდებულება. რასაკვირველია, ჩინეთშიც კარგად ესმით, თუ რა მნიშვნელობა აქვს ასეთ ვითარებაში შუა დერეფნის სტრატეგიულ მდებარეობას, სადაც საქართველოს საკვანძო ადგილი უკავია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის რესურსების დიდი განსხვავების მიუხედავად, თანამშრომლობის პროცესში, სახელმწიფოებს შორის თანასწორუფლებიანობა შენარჩუნებულია.
"საუბარი შეეხო დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ევროკავშირისა და აზიის ბაზრების ურთიერთობაში საქართველოს მონაწილეობას. მიუხედავად ჩინეთსა და საქართველოს შორის რესურსებში მნიშვნელოვანი განსხვავებისა, თანამშრომლობის სტანდარტი, რომელიც თანასწორუფლებიანობას გულისხმობს, აქ შენარჩუნებულია.
ძალიან საინტერესო შეხვედრები იყო, ძალიან საინტერესო ხედვები მოდერნიზაციის თაობაზე, ჩინეთში მიმდინარე პროცესებზე, ზოგადად, სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, რაზედაც ასევე ადრე ნაკლებად საუბრობდნენ ჩინეთში და მათი დაძლევის გზებზე. ხვალაც ძალიან საინტერესო შეხვედრებია დაგეგმილი და შემდეგ გავემგზავრებით შანხაიში, სადაც იქნება კონკრეტული საუბარი ეკონომიკური დარგის განვითარებაზე." - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 20 იანვრამდე გაგრძელდება.