16-01-2024
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი წმინდა მატრონას ხატის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით ანალიტიკურ შეფასებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც თამთა მეგრელიშვილი წერს, ეკლესიასთან მებრძოლი ძალა უკვე ღია აგრესიაზე გადავიდა, თუმცა მას გამარჯვება არ უწერია.
„ხატი არ არის მხოლოდ ხელოვნების ნიმუში. ის არის „ღვთისმეტყველება ფერებში“, რომელიც აცხადებს და ფერში ხორცს ასხამს იმას, რასაც სახარება გადმოსცემს სიტყვით.
ხატი ორ რეალობას აერთიანებს: ღვთიურსა და მიწიერს, ისტორიულსა და ზედროულს. სწორედ მისი ამ ღრმა მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქრისტიანულ ხატწერაში არის მკაცრად რეგლამენტირებული გარეგნული ფორმები, საშუალებები, გარკვეული სიმბოლიზმი და კანონიკა, რომლის დარღვევა საშუალებას აძლევს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, მართლმადიდებლური ეკლესიის როლი და მართლმადიდებლობის მნიშვნელობა დააკნინოს.
მახსენდება 2019 წლის 25 ნოემბერი, როცა პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ აქტივისტებმა ჩვეულებრივი ადამიანის სახე (კერძოდ, ბიძინა ივანიშვილი) ხატისათვის დამახასიათებელი წესითა და ფორმით გამოსახეს. მიზანი ხატების „გაშარჟების“ მცდელობა იყო;
ასევე, 2018 წელს „აიისამ“ ბრენდის პრეზერვატივების შეფუთვაზე ქართველი წმინდანი თამარ მეფე გამოსახა, რაზეც ბრენდის მსუბუქი სარკაზმი კონცეფციის შესაბამისიაო, განაცხადა;
2024 წლის 9 იანვარს სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ წმინდა მატრონას ხატს საღებავი შეასხა. მისი და მისთანების მოტივი საპატრიარქოს განცხადების ფონზე ძალიან უსუსურია და არ მართლდება.
ვფიქრობ, ეს არის მძიმე შემთხვევა, როცა ანტიმართლმადიდებლური ძალა ასე ღიად უკვე ეკლესიაში შევიდა.
ამ ფონზე აუცილებლია რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება.
დიახ, მომხდარზე სახელმწიფოს თავისი პასუხი აქვს და ზემოაღნიშნული კანონპროექტი ახლო მომავალში დაინიცირდება. საგულისხმოა, რომ გამკაცრებული კანონი როგორც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ, ისე, სხვა რელიგიურ ნაგებობებს შეეხება.
ხშირად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ეკლესიისგან შორს დგანან, მართლმადიდებლობა არის რაღაც საშუალო კათოლიციზმსა და პროტესტანტიზმს შორის, ანდა სხვა მოსაზრებები აქვთ და მართლმადიდებლებსა და მართლმადიდებლობაზე ქილიკს, „თავდასხმას“ ამით ხსნიან.
სინამდვილეში, ქრისტიანობა არის რელიგია - სრულყოფილი სიყვარულისა. ქრისტიანობა არის ხსნის რელიგია.
ეშმაკი ყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს.
უფალთან ბრძოლა დასაწყისშივე წაგებული ნაბიჯია! ეკლესიასთან მოგებული პოზიცია დროებითია და სულის წარწყმედის ტოლფასია.
ის, ვინც ფიქრობს, რომ დღეს სახელმწიფოსა და ეკლესიასთან გამარჯვებულია - ცდება! სახელმწიფო კანონით მოქმედებს, მართლმადიდებლურ ეკლესიაში კი სულიერების ზეიმია და, უფლის მადლით, ასე იქნება მუდამ...“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.