16-01-2024
ჩინურმა მხარემ არა ერთ შეხვედრაზე ძალიან მტკიცე და ურყევი პოზიცია დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. მათ გვითხრეს, რომ ეს პოზიცია იქნება განგრძობადი - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა „ქართული ოცნების“ დელეგაციის წევრმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ერთის მხრივ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საკითხში და მეორეს მხრივ, ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების მიმართულებით.
„პეკინში ვიმყოფებით ჩინური მხარის მოწვევით, გვაქვს ძალიან მაღალი დონის შეხვედრები როგორც საგარეო, ისე სავაჭრო ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელებთან. ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობების ძირითადი თემა არის ერთის მხრივ პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება იმ კუთხით, რომ ჩინეთი არის უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი ქვეყანა, შესაბამისად, ჩინეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ერთის მხრივ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საკითხში და მეორეს მხრივ ასევე ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების მიმართულებით. ამ მხრივ, ჩვენ გუშინ და დღეს გვქონდა საუბრები და ჩინურმა მხარემ არა ერთხელ, არა ერთ შეხვედრაზე ძალიან მტკიცე და ურყევი პოზიცია დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. მათ გვითხრეს, რომ ეს პოზიცია იქნება განგრძობადი, ისინი პატივს ცემენ საერთაშორისო სამართლოს ფუნდამენტურ პრინციპებს, პატივს ცემენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, შესაბამისად, მათი პოზიცია იქნება ურყევი და ძალიან მკაფიო ამ მიმართულებით“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისივე თქმით, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.
„იცით, რომ ჩვენ გვაქვს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, თუმცა, მისი მხოლოდ არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ხელშეკრულება ბოლომდე იმუშავებს, თუ ძალისხმევა არ იქნა გაწეული ორივე მხრიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართული პროდუქციისთვის ჩინური ბაზრის პოტენციალი იყოს მაქსიმალურად ათვისებული, იმიტომ, რომ ჩინეთი არის მსოფლიოში მეორე ეკონომიკა, შესაბამისად, აქ არის უდიდესი პოტენციალი. ასევე მნიშვნელოვანია სავაჭრო მარშრუტების განვითარება, ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს შუა დერეფანზე, რომელიც არის ერთერთი ყველაზე მოკლე გზა, რომლითაც ჩინეთი უკავშირდება ევროპას და პირიქით, ევროპა უკავშირდება ჩინეთს. ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველო და ჩვენთვის, ჩვენი ტრანზიტული პოტენციალის მაქსიმალურად ასათვისებლად ასევე მნიშვნელოვანია ჩინეთთან საკმაოდ აქტიური ეკონომიკური თანამშრომლობა. იყო საუბარი ასევე კულტურულ ნაწილზე, იგივე შემოქმედებითი ჯგუფების გასტროლებზე ჩინეთში, ქართული ენის სწავლებაზე უნივერსიტეტებში და ჩინური ენის სწავლებაზე ქართულ უნივერსიტეტებში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.