18-01-2024
“ქართველი ხალხისათვის საინტერესო დღეს ის კი არ არის, არჩევნების შემდეგ ვინ როგორ გადაინაწილებს სახელისუფლებო სავარძლებს, არამედ მთავარი ისაა, თუ როგორ გუნდთან ერთად გააგრძელებს 2024 წლის შემდეგ ბიძინა ხელისუფლებაში ყოფნას.”- წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციის, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.
ნანა კაკაბაძე თავის პოსტში ქართული ოპოზიციაზე წერს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ წაუყრუა იმ ფაქტს, რომ ორი დღის წინ თავიანთმა კერპმა ზელენსკიმ რუსეთის დამაბალანსებლად ჩინეთის ჩართვის მოთხოვნა დააყენა, ეს ვითომ მათ არც გაუგიათ. ამასობაში კი ბიძინა ჩინეთთან და სხვებთან ერთად ახალი რეალობის შექმნაში მონაწილეობს, შუა დერეფნის პროექტი იკრებს ძალას, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესებშიც შედის.
“მე-20 საუკუნეში ჩარჩენილი ქართული ოპოზიცია
ნებისმიერ ქვეყანაში ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია იბრძვის ხელისუფლებაში ან მის ნაწილში ადგილის მოსაპოვებლად და საკუთარი პარტიისთვის პოლიტიკური პოზიციების გასაუმჯობესებლად, რაც სავსებით ბუნებრივია. მაგრამ როდესაც უყურებ ქართული პოლიტიკური სპექტრის ბრძოლის ფორმებსა და მეთოდებს, აშკარად ხედავ, რომ თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია იბრძვის ზუსტად იმ ფორმებითა და მეთოდებით, როგორც ეს ხდებოდა ეროვნული მოძრაობის დროს, როდესაც პარტიები იბრძოდნენ საბჭოთა რეჟიმის დასამხობად და ახალი, დემოკრატიული სისტემის დასამკვიდრებლად.
მე-20 საუკუნის ასეთმა ფორმებმა და მეთოდებმა იმ ეპოქის საქართველოში წარმატებით იმუშავეს, რადგან იმ პერიოდის საზოგადოების დაკვეთა იყო დემოკრატიული ინსტიტუტების, მიტინგებისა და მანიფესტაციების შემოტანა და დამკვიდრება, რის დეფიციტსაც საბჭოთა სისტემა განიცდიდა. ამიტომაც ხალხმრავალ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა, ერთის მხრივ, ეროვნული მოძრაობის თვითდამკვიდრების საუკეთესო საშუალებად იქცა, ხოლო მეორე მხრივ, საბჭოთა მოუქნელი ბიუროკრატია უძლური აღმოჩნდა რაიმე ეფექტური საშუალება დაეპირისპირებინა მასობრივი პროტესტებისთვის.
ქართველი ხალხის დაუოკებელმა მისწრაფებამ თავისუფლებისკენ და ძირმომპალი საბჭოთა სისტემის მიმართ მსოფლიო პოლიტიკის ჩვენთვის მომგებიანმა დამოკიდებულებამ განაპირობა, რომ „გაუ!“ „გაუს!“ და „ჯოს!“ „ჯოს!“ ძახილზე აგებულმა საპროტესტო გამოსვლებმა, რომლებშიც თითქმის ყველა ჩვენგანი ვმონაწილეობდით, სასურველი შედეგი გამოიღო.
ამის შემდეგ გავიდა ზუსტად საუკუნის მესამედი.ამ ხნის მანძილზე შეიცვალა მსოფლიოც და საქართველოც. მსოფლიოში მიმდინარე პროცესენიდან შეძენილ უზარმაზარ გამოცდილებას რომ თავი დავანებოთ, ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა სამოქალაქო და სამამულო ომების მთელი კასკადი, რომელმაც უამრავი მოვლენის გადაფასება გამოიწვია. გამოვიარეთ ანტიდემორატიული მმართველობის წლები, რომლებსაც ქართველთა უმრავლესობამ „სისხლიანი 9 წელი დაარქვა“,იგივე წლებს ბევრმა ჩვენმა დასავლელმა „დაუძინებელმა მეგობრებმა“ - „დემოკრატიის შუქურა“ უწოდა.რამაც პირველი ბზარი გააჩინა ქართველ ხალხსა და "დაუძინებელ მეგობრებს" შორის.
2003 წელს დიდი ზარ-ზეიმით და დემოკრატიული ლოზუნგებით ნაცების ხელისუფლებაში მოსვლით დასრულდა 80-90-ანი წლების მასობრივი გამოსვლების ერთი ეტაპი. ამის შემდეგ, 9-წლიანი ანტიდემოკრატიული რეჟიმის დროინდელი საპროტესტო გამოსვლები უფრო დახვეწილ, ნაკლებად აგრესიულ და ორგანიზებულ ხასიათს ატარებდა, რაც 2012 წლის საარჩევნო რევოლუციით დასრულდა. ოპოზიციაში გადასული ნაც-ხელისუფლება ჯერ გაყუჩებულ მდგომარეობაში იყო რამდენიმე წელი, მერე კოაბიტაციით და იმით გულმოცემულმა, რომ ჩადენილი დანაშაულებისთვის ადეკვატურ პასუხს არავინ სთხოვდა, ნაცებმა თანდათან დაიწყეს აქტიური მოქმედებები.
აქტიურ მოქმედებებთან ერთად ნაცებმა და მათმა ანასხლეტებმა დაიწყეს მე-20 საუკუნის ბრძოლის ფორმებისა და მეთოდების გამოყენება, რადგან მენტალურად ისევ იმ ხანაში ცხოვრობენ, რომელმაც ერთხელ მოუტანათ წარმატება. ისინი თანამედროვეობის გააზრებაზე და სიახლეებზე უბრალოდ, აცრილები არიან. ისევ მტრის ხატის შექმნა, ისევ ყველა ოპონენტისთვის რუსეთუმესა და კრემლის აგენტების იარლიყების მიწებება, ერთი ადამიანის დემონიზაცია და მთელი პოლიტიკის ამაზე აგება, ქუჩის აქციებისკენ მოწოდებები და ა. შ.
მოკლედ, 2012 წელს ოპოზიციაში გადასული და შემდეგ მათთან შეერთებული ძალები დარჩნენ „ჯოს!“ მოედანზე, ხოლო ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა ახალი მსოფლიო წესრიგის მოედანზე, სადაც დიდი კაპიტალის, გეოპოლიტიკური მდებარეობის, ეკონომიკური წინსვლისა და ფართომასშტაბიანი სავაჭრო პროექტების ასპარეზია.
ბიძინამ სწორად აუღო ალღო ახალ რეალობას, რომლის დროსაც საზოგადოებას ყელში ამოუვიდა „თავისუფალ სიტყვაზე“, „გამოხატვის თავისუფლებაზე“, ყველა მეათეხარისხოვან წვრილმანი თემის პოლიტიკურად აგორებაზე აქცენტების გადატანა. საზოგადოება კარგად ხედავს, რომ არც თავისუფალ სიტყვას ზღუდავს ვინმე (ოპოზიციური ტელევიზიები გაცილებით ჭარბობენ სახელისუფლებოს), ინტერნეტიც თავისუფალია, აღარც ქონებებს ართმევენ ხალხს ძალადობრივი მეთოდებით, აღარც ქუჩებში ხოცავენ ახალგაზრდებს და აღარც ციხეებში. პრობლემებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ისინი დღესაც არ გვაკლია, მაგრამ როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ ყველა საკითხს ოპოზიცია მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერსებისთვის იყენებს, აბსურდულ იარლიყებს აწებებს სხვებს და რეალურად ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს (თუნდაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ მათი ბრძოლა), რა თქმა უნდა, ასეთ ოპოზიციას მასობრივი მხარდაჭერისა და ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივა არ გააჩნია, გინდა დაიყონ და გინდა გაერთიანდნენ.
ეს არის ოპოზიცია რომელიც მკვდარ სტალინს ებრძვის. დარდობს იმაზე, რომ საქართველოში ბომბები არ ცვივა, შენატრის უკრაინას და ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას საყვედურობენ ბიძინა ივანიშვილს. ოპოზიციამ წაუყრუა იმ ფაქტს, რომ ორი დღის წინ თავიანთმა კერპმა ზელენსკიმ რუსეთის დამაბალანსებლად ჩინეთის ჩართვის მოთხოვნა დააყენა, ეს ვითომ მათ არც გაუგიათ. ამასობაში კი ბიძინა ჩინეთთან და სხვებთან ერთად ახალი რეალობის შექმნაში მონაწილეობს, შუა დერეფნის პროექტი იკრებს ძალას, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესებშიც შედის.
ქართველი ხალხისათვის საინტერესო დღეს ის კი არ არის, არჩევნების შემდეგ ვინ როგორ გადაინაწილებს სახელისუფლებო სავარძლებს, არამედ მთავარი ისაა, თუ როგორ გუნდთან ერთად გააგრძელებს 2024 წლის შემდეგ ბიძინა ხელისუფლებაში ყოფნას. იქნება თუ არა ეს ის გუნდი, რომელიც საკუთარი ინტერესების გარდა ხალხის და ქვეყნის ინტერესებსაც გაითვალისწინებს.
ჩვენ სწორედ ამ პროცესს უნდა მივადევნოთ თვალი დღეს, რა ხალხის ხელში შეიძლება აღმოჩნდეს ახალი გადანაწილების შემდეგ ქვეყნის მართვის სადავეები, ვის უნდა გადაეცეს ძალაუფლება.
ამ ფონზე სრულიად უინტერესოდ გამოიყურება იმ მარგინალების უაზრო, უშინაარსო და არაფრის მომტანი დემაგოგიური და უპერსპექტივო ფხაკური, რასაც ნაცები, ლელო, გახარიები და მათნაირები ეწევიან”- წერს ნანა კაკაბაძე.