24-01-2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პაატა კალანდაძეს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პარტნიორული ურთიერთობების პრიორიტეტები მიმოიხილეს.
ყურადღება გამახვილდა გასულ წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრის წარმატებულ ვიზიტზე, რომლის დროსაც ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა. პრემიერ-მინისტრმა და ახალმა
ელჩმა აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მხარეების მიერ განსაზღვრული გეგმების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა პაატა კალანდაძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
თავის მხრივ, პაატა კალანდაძემ მადლობა გადაუხადა მთავრობის მეთაურს გამოცხადებული ნდობისათვის.
პაატა კალანდაძეს მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებსა და ისრაელის სახელმწიფოში.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ელჩად დანიშვნამდე, პაატა კალანდაძე იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.