26-01-2024
გასულ წელს რუსეთმა მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული და ევროპული ჩიპების იმპორტი განახორციელა. ამის შესახებ რუსეთის საბაჟო სამსახურის გასაიდუმლოებულ მონაცემებზე დაყრდნობით სააგენტო Bloomberg-ი წერს.
მისი ინფორმაციით, რუსეთში შევიდა მიკროსქემები , რომლებიც შეიძლება გამოიყენებოდეს სამხედრო ტექნიკის, მათ შორის ტანკებისა და რაკეტების წარმოებისთვის. მიკროსქემების მწარმოებლებს შორის არიან ამერიკული კომპანიები Intel Corp, Advanced Micro Devices (AMD) და Analog Devices Inc., ასევე ევროპული კომპანიები Infineon Technologies AG, STMicroelectronics NV და NXP Semiconductors NV.
რუსეთის მიერ შეძენილი ჩიპების მწარმოებლებს შორის არის რამდენიმე ჩინური კომპანიაც და ტაივანური Realtek Semiconductor-ი.
Bloomberg-ის ცნობით, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ყველა ამ კომპანიამ სანქციები დაარღვია, ვინაიდან სანქცირებული ტექნოლოგიების უმრავლესობა რუსეთში მესამე ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, ჩინეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების გავლით ხვდება.