გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ხუციშვილი: გასულ წელს ყველამ ვიხილეთ დეზინფორმაციისა და სიყალბის გავრცელების ბევრი შემთხვევა სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით; დეზინფორმაციასთან ბრძოლა ჩვენი სამუშაოს შემადგენელია და ასეთ ფაქტებს მომავალშიც გაეცემა დასაბუთებული პასუხი

26-01-2024

გასულ წელს ყველამ ერთად ვიხილეთ დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების გავრცელების ძალიან ბევრი შემთხვევა სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით, ძირითადად, პოლიტიკურად მოტივირებული პირების მიერ, რომელიც მიმართული იყო საბაჟო სამსახურისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ცხადია, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი სამუშაოს შემადგენელი ნაწილია და ყველა ასეთ ფაქტს მომავალშიც გაეცემა დასაბუთებული პასუხი - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე. 


მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყების დღეებიდანვე, შემოსავლების სამსახურში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში მონიტორინგს უწევს სანქცირებული ტვირთებისა და პირების საკითხს საქონლის საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას. 


„სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე დაფიქსირებული გვაქვს უარის თქმის 1770 შემთხვევა. დღეისათვის აქტიურია 36 საოპერაციო რისკის პროფილი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებას და დამატებითი რისკ-ფაქტორების გამოვლენის ინიცირებას. ჩვენი საბაჟო სამსახურების მუშაობა ამ მიმართულებით, აღიარებულია ყველა პარტნიორი ქვეყნის მიერ უმაღლეს დონეზე", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა. 


სიტყვით გამოსვლისას, მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს გაზრდილ შესაძლებლობებზე ტრანზიტის მიმართულებით. როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში, გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოზე გამავალი შუა სატრანზიტო დერეფანი გახდა უმნიშვნელოვანესი ლოგისტიკური კვანძი.„განუხრელად იზრდება საქართველოს გავლით ტრანზიტული ტვირთნაკადი, რაც რამდენჯერმე ზრდის ლეგიტიმური ვაჭრობის ხელშეწყობისაკენ მიმართულ ადმინისტრირების ტვირთს. აქედან გამომდინარე, სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება საბაჟოს ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარებისა და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების ზრდის საკითხი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მან მადლობა გადაუხადა სტრატეგიულ პარტნიორებს საბაჟო ორგანოების აღჭურვისა და ინსტიტუციონალური შესაძლებლობის განვითარების მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის. 


„ჩვენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს ამ დიდი ამოცანის მისაღწევად, როგორც ეროვნული, ისე რეგიონული მასშტაბით. ჩვენს ყველა მეზობელ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან მიმდინარეობს საბაჟო მონაცემთა ელექტრონული გაცვლა. შექმნილია სამართლებრივი ბაზა, რომელიც საზღვარზე ერთობლივი კონტროლის მოდელის გამოყენების საშუალებას იძლევა. ამ მხრივ, განსაკუთრებით, გამორჩეულია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დაგეგმილი ერთობლივი სახმელეთო გამშვები პუნქტის აბრეშუმის გზა-იპეკ ოულის მშენებლობის საეტაპო მნიშვნელობის მქონე შეთანხმება, რომელსაც სრული მხარდაჭერა გააჩნია საქართველოს მთავრობის მხრიდან. ვიმედოვნებ, რომ რეგიონის განვითარებაზე ორიენტირებული ეს მნიშვნელოვანი მიმართულება, ასევე, მოექცევა ჩვენი უცხოელი პარტნიორების ინტერესების სფეროში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. 


სიტყვის დასასრულს მან მებაჟე ოფიცრებს მიულოცა საბაჟოს საერთაშორისო დღე და წარმატებები უსურვა პროფესიულ საქმიანობაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930