26-01-2024
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნით ვაჭრობისა (ტრეფიკინგის) და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა.საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნით ვაჭრობისა (ტრეფიკინგის) და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დედამ მასზე მატერიალურად დამოკიდებული არასრულწლოვანი შვილი სარგებლის მიღების მიზნით გადაიბირა და 2023 წლის ივნისიდან შრომით ექსპლუატაციას უწევდა. ბრალდებული შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას და ნივთების რეალიზაციას აიძულებდა, შეგროვილ თანხას კი თავად ისაკუთრებდა. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის თაობაზე ცნობილი იყო კიდევ ორი პირისთვის, რომლებმაც აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.
არასრულწლოვნის დედას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" და მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტებით (არასრულწლოვნით ვაჭრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო კიდევ ორ პირს ბრალდება სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, არასრულწლოვნის დედას და ერთ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდებული კიდევ ერთი პირი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე იმყოფება პატიმრობაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.