26-01-2024
სომხეთმა და საქართველომ დღეს მიაღწიეს დიდ წინსვლას, ბატონ პრემიერთან ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას სომხეთ -საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ,-ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობა ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ქვეყნებმა ძალისხმევა უნდა გაზარდონ და შეძენილით არ დაკმაყოფილდნენ.
„პატივცემულო დამსწრენო, საქართველოსა და სომხეთის მთავრობის წარმომადგენლებო, სომხეთმა და საქართველომ დღეს მიაღწიეს დიდ წინსვლას. ბატონ პრემიერთან მოვაწერეთ ხელი ერთობლივ დეკლარაციას სომხეთ -საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ. ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და გამოხატავს ჩვენს მიზანმიმართულობას. ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი ძალისხმევა უნდა გავზარდოთ და შეძენილით არ დავკმაყოფილდეთ, რაზეც ვისაუბრეთ ასევე სხდომის დროს. ბატონ ღარიბაშვილთან განხილვების დროს ასევე გადავწყვიტეთ, უწყებებს დავავალოთ ქმედითი ნაბიჯები გადადგან სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მისაყვანად. ასევე ვისაუბრე აზერბაიჯანთან ურთიერთობების დარეგულირების მიმართულებით სომხეთის რესპუბლიკის ძალისხმევაზე. ხაზი გაესვა, რომ მილიტარიზაციული და სხვა მიმართულებები ხელს არ შეუწყობს ჩვენს ურთიერთობებს. როცა შევათანხმებთ და საჯარო პრინციპებზე მშვიდობის ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ, მაშინ იქნება მიღწეული მშვიდობა რეგიონში. ჩემს სიტყვას ვასრულებ იმით, რომ ერთობლივი დადგენილება მივიღეთ, დავიცვათ, შევინარჩუნოთ და გავაღრმაოთ კანონიერი ურთიერთობები ყველა მიმართულებით და ამ გზაზე შესაძლო წარმოქმნილი ყველა პრობლემა განვიხილოთ ურთიერთგაგების პრინციპით. ბატონო ღარიბაშვილო, დიდი მადლობა ჩემი და ჩემი დელეგაციის თბილი მიღებისთვის და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს თანამშრომლობას",- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.