29-01-2024
ძვირფასო მეგობრებო, მსურს საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მიინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
"ნება მომეცით მოკლედ, მაგრამ მკაფიოდ განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზები. სულ ახლახან, გასული წლის ბოლოს, მე საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი სამწლიანი საქმიანობის შესახებ. მოგეხსენებათ, მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადით მუშაობა ურთულეს პერიოდში, შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პირობებში დავიწყე. მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს და მე ვამაყობ შედეგებით, რომლებსაც ამ პერიოდში გუნდთან ერთად მივაღწიეთ. ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში მე ორჯერ მომიწია ამ უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა, ჯამში ყველაზე მეტ ხანს − 5 წელი ვიყავი პრემიერ-მინისტრი.
ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გახლავთ როტაციის პრინციპი - გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა; მით უმეტეს, რომ ახლა ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ - შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ და ქართული ოცნება უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად, რათა გავაგრძელოთ წინსვლა სხვა, უფრო დიდი მიზნების მისაღწევად.
ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება 1 თებერვალს. არ დაგიმალავთ, რომ პოლიტსაბჭოში განვიხილეთ შესაძლებლობაც, რომ თანამდებობაზე ზაფხულში, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე, ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება - მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა. მე წარმატებებს ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს!
ჩემთვის კი დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, გავაგრძელო მუშაობა პარტიაში, აქტიური მონაწილეობა მივიღო საარჩევნო პროცესში და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.
პრემიერ-მინისტრად მუშაობისას გაწეული უდიდესი მხარდაჭერისათვის მადლობას ვუხდი ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს − ბატონ ბიძინა ივანიშვილს, პარტიისა და პარლამენტის ხელმძღვანელობას და წევრებს, სამინისტროების ხელმძღვანელებს და თითოეულ თანამშრომელს, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ყველა საჯარო მოხელეს!
თანადგომისათვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, შვილებს, მშობლებს. იმედი მაქვს, ახლა მექნება შესაძლებლობა მეტი დრო დავუთმო ოჯახს.
მშვიდობას, კეთილდღეობასა და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს!
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი" - განაცხადა ღარიბაშვილმა.