31-01-2024
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმეს.
ქვეყნის მასშტაბით, 100 ავტოგასამართი სადგურიდან აღებულია დიზელის საწვავის 80 და საავტომობილო ბენზინის 20 ერთეული სინჯი.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დარღვევა გამოვლინდა 28 სინჯში. საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა დიზელის საწვავის 25და ბენზინის 3 სინჯში. მათგან 12 ნიმუშში დარღვეული იყო გოგირდის შემცველობა, 10 სინჯში დაფიქსირდა დახურულ ტიგელში აფეთქების ტემპერატურის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა. რიგ შემთხვევაში, ერთდროულად იყო დარღვეული რამდენიმე პარამეტრი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმები შეადგინეს. ჯარიმების ოდენობა, ჯამში, 2 მილიონ ლარზე მეტია. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის სასამართლოებში გადაიგზავნა.
დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნენივთიერებათა გაფრქვევას.