2-02-2024
„აუცილებლად იქნება ცვლილებები და რატომ - ხალხი არასდროს ირჩევს დამარცხებულს, ხალხს არ უყვარს დამარცხებული,“ - ასეთია 2024 წლის მსოფლიო პოლიტიკაში მოსალოდნელ ცვლილებებზე „ხალხის ძალის“ წევრის თამარ ჩიბურდანიძის მოსაზრება, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მიმდინარე პროცესებზე გაამახვილა ყურადღება.
ის აცხადებს, რომ საქართველო უკვე გაზაფხულიდან ახალი მსოფლიოს პოლიტიკის დღის წესრიგში ჩაჯდება და ამ პროცესებში აქტიურად ჩაერთვებიან სახელისუფლებო გუნდის ლიდერები.
„ორივე ძალიან ძლიერი პოლიტიკური ლიდერი რჩება პოლიტიკაში, რაც მთავარია, ორივე ლიდერი იქნება მთავარი სპიკერი საარჩევნოდ და ეს იყო ძალიან სწორი გადაადგილება და რა რატომ იყო სწორი - პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მოიცავს შიდა პოლიტიკას და საგარეო პოლიტიკას, მაგრამ მეტწილად, პრემიერ-მინისტრს საქართველოს იმიჯი გააქვს საერთაშორისო არენაზე.
პარტიის თავმჯდომარეს რაც შეეხება, საგარეო პოლიტიკასთან ერთად, საარჩევნო პერიოდში ქვეყნის შიგნით უნდა იყოს უფრო ხისტად პატრიოტული და ხისტად ეროვნული პოლიტიკის მატარებელი, რაც არის დღეს ქართველი ხალხის და ქართველი ამომრჩევლის მოთხოვნა. სწორედ ამიტომ არის სწორი ეს გადაადგილება,“ - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.
მანვე ისაუბრა იმ დამსახურებაზე, რაც ყოფილ პრემიერს ქვეყნის წინაშე აქვს და ასევე იმ თვისებებზე, რითაც მომავალი პრემიერი გამოირჩევა.
„ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა იმისთვის, რაც მან გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, იმ გამბედაობისთვის, სიმამაცისთვის, პატრიოტობისთვის, რაც მან პირველი და მეორე პრემიერობის პერიოდში გვაჩუქა ქართველ ხალხს და მე მჯერა, რომ ის იქნება წარმატებული ლიდერი უკვე პოლიტიკურ პარტიაში და ძალიან კარგად და ძლიერად გაუძღვება საარჩევნო კამპანიას.
"რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, იგი არის ძალიან მაღალი სტანდარტების მქონე პოლიტიკური ლიდერი, სპიკერი, მას აქვს მაღალი დონის პოლიტიკური კულტურა, რომელთანაც შეჭიდება გაუჭირდება არა მხოლოდ ქართულ ოპოზიციას, არამედ საერთაშორისო არენაზე მოქმედ პოლიტიკურ ლიდერებს.
არანაირი გადაჭარბება არ არის ამ ჩემს შეფასებაში. ირაკლი კობახიძე უწევს სერიოზულ კონკურენციას თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებს. უკვე გაზაფხულიდან ის ახალი მსოფლიოს პოლიტიკის დღის წესრიგში ჩაჯდება და ჩასვამს საქართველოს. გაზაფხულიდან ჩვენ ვიცით რომ მსოფლიოს 70 ქვეყანაში არის არჩევნები და პირადად ჩემი როგორც ანალიტიკოსის შეფასებით აუცილებლად იქნება ცვლილებები და რატომ - ხალხი არასდროს არ ირჩევს დამარცხებულს, ხალხს არ უყვარს დამარცხებული.
მოქალაქე, რომელიც ხმას აძლევს ვინმეს, ის იმაში, ვისაც ირჩევს ელის პირად კეთილდღეობას. დამარცხებულს ხალხი არ ირჩევს. ახალი პოლიტიკის გზაჯვარედინზე დგას დღეს მსოფლიო, ახალ პოლიტიკაში შედის საქართველო, რომელმაც წარმატებით გაიარა ქარიშხლიანი დღეები და აი ამ ახალი დღის წესრიგით წარდგება ირაკლი კობახიძე საერთაშორისო არენაზე,“ - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.