3-02-2024
„სამწუხაროდ ეს ორი ორგანიზაცია, რომელიც თავისივე სურვილით გამოეთიშა და თავისივე რეპუტაციული დაზიანებების გამო მოწყდა ყველანაირ ნორმალურ პლატფორმას, ახლა აცხადებს სურვილს და კითხვას სვამს, არ არის დარწმუნებული, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა 9 რეკომენდაციის შესრულება“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა, რითაც გამოეხმაურა ISFED-ის და IDFI-ის განცხადებას, რომ მათ სურთ 9 პუნქტის შესრულებაში მონაწილეობის მიღება, მაშინ როდესაც 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე უარი თქვეს.
„მე პირიქით შევუტრიალებდი ISFED-ს და IDFI-ს ამ კითხვას- მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მათ აქვთ სურვილი, რომ საქართველომ ეს 9 რეკომენდაცია შეასრულოს ან ზოგადად საქართველო ევროკავშირის წევრობის ახალ გზაზე გადავიდეს“-აღნიშნა წილოსანმა.
მისივე თქმით, 9 რეკომენდაციაზე და გადასადგმელ ნაბიჯზე მათი მონაწილეობა მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება ხელისშემშლელად იყოს განხილული.
„ამ ყველაფერს ადასტურებს წინა პერიოდიც - მათი ვითომ ცრუ შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, ვითომ უნდოდათ, რეკომენდაციები შესრულებულიყო, სინამდვილეში კი არაარგუმენტირებულად აქვეყნებდნენ ანგარიშებს და ცრუ დასმენებს ახდენდნენ, რათა ხელი შეეშალათ ამ პროცესისთვის, რომელიც წარმატებით დავასრულეთ მათი ჩართულობის გარეშეც. ამიტომ, გარწმუნებთ, ამ 9 რეკომენდაციაზე და გადასადგმელ ნაბიჯზე მათი მონაწილეობა მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება ხელისშემშლელად იყოს განხილული, წინა გამოცდილებიდან გამომდინარე. ამიტომ, კონსტრუქციული ძალების და ნებისმიერი დაინტერესებული მხარის ჩართულობით მოვახდენთ ამ რეკომენდაციების შესრულებას“-განაცხადა ნინო წილოსანმა.