გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ქადაგიშვილი: როდესაც ახალი ადამიანი ხდება პრემიერ-მინისტრი, ბუნებრივია, მას თავისი ხედვა, მუშაობის სტილი გააჩნია და ამ მხრივ კორექტივები იქნება - ძირეული ახალი პროგრამა 2024 წლის არჩევნებისათვის იქნება წარმოდგენილი

3-02-2024

როდესაც იცვლება პერსონალია და ახალი ადამიანი ხდება პრემიერ-მინისტრი, ბუნებრივია, მას თავისი ხედვა, მუშაობის სტილი გააჩნია და ამ მხრივ კორექტივები, პოლიტიკური აქცენტები იქნება, რაზეც თავად ბატონი ირაკლი კობახიძე მოგახსენებთ. რაც შეეხება ძირეულ ახალ პროგრამას, ეს იქნება 2024 წლის არჩევნებისათვის წარმოდგენილი და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაიწყება ამ ახალი პროგრამის რეალიზება, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მან განმარტა, სამთავრობო პროგრამა მმართველი გუნდის ერთიან პოზიციას წარმოადგენს და მთავრობის წარმატებული მუშაობის ფონზე, აღნიშნული დოკუმენტი რადიკალურ ცვლილებებს არ საჭიროებს.


"როცა მაგალითად, გახარია ამბობს, რომ ეს არის ძველი სამთავრობო პროგრამა, ჩვენ ამიტომაც გავეცით პასუხი, რომ ის სამთავრობო პროგრამა და სახელმწიფო ბიუჯეტი რომელიც წელს უნდა შესრულდეს, არის მთავრობის და პარლამენტის, ანუ ჩვენი გუნდის ერთობლივი პროდუქტი და ეს არის კარგი პროდუქტი და ამის ბოლომდე განხორციელება მოხდება.


ის რაც წერია ამ ტექსტში [სამთავრობო პროგრამაში], არის პარტიის, მთავრობის და პარლამენტის ერთიანი პოზიცია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აქ რადიკალური და კარდინალური ცვლილება ობიექტურად ვერ შევიდოდა. მეორე, მთავრობის მოღვაწეობა იყო წარმატებული და გამომდინარე აქედან, რადიკალურ ცვლილებებს არ საჭიროებს. ბიუჯეტი, რომელიც დამტკიცებულია, მივიღეთ ერთი თვის წინ და მასზე პარლამენტს პასუხისმგებლობა აქვს აღებული. აქედან გამომდინარე, არც აქ იქნება რაიმე ძირეული ცვლილება. თუ რა იქნება ახალი პრემიერ-მინისტრის აქცენტები და პოლიტიკური გზავნილები, ამას დავინახავთ, როდესაც ის სიტყვით გამოვა."- განაცხადა ქადაგიშვილმა.


მან ასევე ისაუბრა პროცედურულ საკითხებზე და აღნიშნა, რომ ორშაბათიდან კომიტეტებში დაიწყება მინისტრობის კანდიდატების მოსმენა, ხოლო 8 თებერვალს იგეგმება მთავრობის დამტკიცება.


"პარლამენტის ბიურომ უკვე დაადგინა გრაფიკი. ორშაბათიდან მინისტრთა კაბინეტი მოდის პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენები იქნება, სადაც წარდგენილი იქნება პერსონალიების და მთავრობის პროგრამა. ამავდროულად, იქნება მთავრობის ახალი შემადგენლობის შეხვედრა როგორც ოპოზიციასთან, ასევე უმრავლესობასთან და იგეგმება, რომ 8 თებერვალს, ხუთშაბათს, უკვე პლენარულ სესიაზე დამტკიცდეს მთავრობა" - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930