5-02-2024
“საქართველო-რუსეთს შორის ომში ჩართვის მცდელობა გრძელდება ახლა უკვე ტერაქტების სახით,“ - წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და იმედოვნებს, რომ უმძიმესი დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ დაუსჯელი არ დარჩება.
“დღეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია საგანგაშოა ჩვენი ქვეყნისთვის. უკრაინიდან, კერძოდ ოდესიდან წამოსული დიდი მოცულობის ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც საქართველოს გავლით რუსეთში შევიდოდა, უპირობო კონფლიქტს წარმოქმნიდა საქართველო-რუსეთს შორის. ომში ჩართვის მცდელობა გრძელდება ახლა უკვე ტერაქტების სახით.
რაც შეეხება საქართველოში დატოვებულ დიდი რაოდენობის ასაფეთქებელ ნივთიერებას, რომელსაც შეეძლო ათეულობით და ალბათ ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რისთვის იყო განკუთვნილი? არჩევნებამდე დესტაბილიზაციისთვის თუ არჩევნების შემდეგ არეულობისთვის ნელ- ნელა მარაგდებოდნენ?
უპირველეს ყოვლისა, გვაქვს კითხვა - როგორ გამოიარა ამხელა წონის ასაფეთქებელმა ნივთიერებამ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საზღვრები? ნუთუ საქართველოს საზღვრები უფრო დაცულია, ვიდრე იმ ევროკავშირის, საითკენაც ასე მივისწრაფვით? კითხვები ბევრია და ვიმედოვნებთ, ამ კითხვებს პასუხი გაეცემა. უმძიმესი დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ დაუსჯელი არ დარჩება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კი მადლობას ვუხდით ასეთი ოპერატიული მუშაობისთვის,“- წერს თამარ ჩიბურდანიძე.