17-09-2018
არასრულწლოვან ბავშვებთან გარყვნილი ქმედებისა და სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით ცოტა ხნის წინ განაჩენი გამოუტანეს ერთ-ერთი საფეხბურთო გუნდის მთავარ მწვრთნელს. საქმეს არაერთი დაზარალებული ჰყავს, რომელთა ასაკი 7-დან 10 წლამდე მერყეობს.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბრალდებული გ.ბ. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არჩევდა ბავშვებს, რომელთაც ფეხბურთის გუნდში აყვანას და წარმატებულ საფეხბურთო კარიერას ჰპირდებოდა. ვარჯიშის შემდეგ კი ბავშვები საკუთარ სახლში მიჰყავდა და მათზე ზემოქმედების გზით, სქესობრივ კავშირს ამყარებდა. დაზარალებულებმა სასამართლოში დაკითხვის დროს გაიხსენეს მწვრთნელის სიტყვები: „თუ ამას არ გააკეთებთ, ვერ ჩამოყალიბდებით კარგ ფეხბურთელებად“. მას მაგალითად მოჰყავდა რამდენიმე წარმატებული ფეხბურთელის არარსებული ისტორია და არასრულწლოვნებს არწმუნებდა, რომ მათ წარმატებას სწორედ ასე მიაღწიეს. ფეხბურთის მწვრთნელი ბავშვებს მასთან სქესობრივი კავშირის სანაცვლოდ უფრო კარგ გუნდში გადაყვანასაც ჰპირდებოდა.
რამდენიმე თვის წინ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, სადაც ბრალდებულს პირველი ინსტანციის განაჩენი ჰქონდა გასაჩივრებული, პედოფილ მწვრთნელს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აი, რას ჰყვება ერთ-ერთი დაზარალებული, რომლის ვინაობასაც, ცხადია, არ ვასახელებთ.
„2013 წელი იყო... ერთ დღეს მწვრთნელმა მითხრა, რომ მასთან სახლში მივსულიყავი თეორიული ვარჯიშების ჩატარების მიზნით, სადაც ასევე იქნებოდნენ გუნდის სხვა წევრები. მართლაც მივედი. შესასვლელი კარი ღია იყო და დაკაკუნების გარეშე შევედი. მისაღებ ოთახში საწოლზე იწვნენ ბიჭები, ასევე იწვა მწვრთნელი და ყველა დაკავებული იყო სექსით. მაშინვე წამოსვლა დავაპირე. ოთახიდან გასვლისას მწვრთნელმა მითხრა, დავრჩენილიყავი და სხვებთან ერთად გამეკეთებინა ეს“.
საქმეში მსგავსი შინაარსის კიდევ არაერთი ჩვენება დევს, თუმცა დაზარალებული არასრულწლოვნები მომხდარს წლების განმავლობაში მალავდნენ. საქმე მხოლოდ მას შემდეგ გაიხსნა, რაც ერთ-ერთი არასრულწლოვნის ოჯახის წევრმა მომხდარის შესახებ შეიტყო, ფეხბურთის მწვრთნელს მიეჭრა და ყელის არეში დაზიანებები მიაყენა. აღნიშნული პიროვნება განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დააპატიმრეს, თუმცა საბრალდებო სკამზე მალევე აღმოჩნდა თავად ფეხბურთის მწვრთნელიც. და უკვე გამოძიების პროცესში მის წინააღმდეგ არაერთი არასრულწლოვანი ალაპარაკდა.
16-11-2024
16-11-2024