6-02-2024
თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო რიგითი რადიკალური ოპოზიციონერის გამოსვლა. არც ერთი სიტყვა ქვეყნის რაიმე წარმატებაზე მის ამ ვრცელ სიტყვაში არ თქმულა, - ასე შეაფასა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლა.
როგორც მდინარაძემ განაცხადა, წლიური ანგარიშის წარდგენისას, პრეზიდენტის მიერ ერთი სიტყვა არ თქმულა ქვეყნის წარმატებებზე, შესაბამისად, მისი გამოსვლა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს ჰგავდა.
"დავანებოთ თავი შიდა შეფასებებს, ჩვენ შეიძლება სუბიექტურებიც ვიყოთ, როდესაც, მაგალითად, მსოფლიო ბანკი, მსოფლიო სავალუტო ფონდი და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციები, ყოველ კვირაში აქვეყნებენ სხვადასხვა კვლევის შედეგებს, სადაც არ არსებობს სფერო, სადაც პროგრესი არ გვაქვს - ეკონომიკის, კორუფციასთან ბრძოლის და სხვადასხვა მიმართულებებით - არც ერთი სიტყვა, პოზიტივთან დაკავშირებით, საქართველოს ფორმალურ პრეზიდენტს არ უთქვამს.
ეს იყო რიგითი ოპოზიციონერის გამოსვლა, რომელსაც აქვს სურვილი, სათავეში ჩაუდგეს რაღაც ოპოზიციურ მოძრაობას, რომელსაც აქვს შეთავაზება, რომ მაგალითად, "შალვას ფანჩატური" გარემონტდეს და გადაიქცეს "სალომეს ფანჩატურად". ამ შეთავაზებით იყო წარმოდგენილი ქალბატონი სალომე დღეს და ვერც ერთ განსხვავებას ვერ იპოვით დღევანდელ მის გამოსვლასა და ყველაზე რადიკალური ოპოზიციონერის გამოსვლას შორის" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.