ექსპერტი: თუ სააკაშვილი ფრთხილად არ მოიქცა, მისი ქმედებებით მხოლოდ პუტინი ისარგებლებს
19-12-2017
ამერიკის თავდაცვის მდივნის ერთ-ერთი ყოფილი ასისტენტი ეველინ ფარკასი აცხადებს, რომ უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საქმიანობა და ბოლო პერიოდში მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები დიდი შოუს მოწყობის მცდელობაა.
ეველინ ფარკასი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების გატარების დაჩქარებას საშიში მეთოდებით ცდილობს.
"პირველ რიგში, ვფიქრობ, ეს შოუმენობა, დიდი შოუს მოწყობის მცდელობაა. ასეთი საქციელი არაკომფორტულობის განცდას მიჩენს. ვფიქრობ, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, ყოფილი გუბერნატორი სააკაშვილი ცდილობს უკრაინის გარდაქმნას და რეფორმების გატარების დაჩქარებას როგორც თვითონ ამბობს. მაგრამ მე პირადად, მისი სტილი არ მომწონს და ეს ჩემი პირადი შეხედულებაა. მიუხედავად ამისა, იმ საკითხებზე, რომლებზეც ის საუბრობს, უკრაინის საზოგადოების ერთი ნაწილი ყურადღების ცენტრშია. სააკაშვილი უკრაინაში კორუფციის აღმოფხვრას ცდილობს და იმ ადამიანების ხმას წარმოადგენს, რომლებიც ამბობენ, რომ პრეზიდენტი პოროშენკო რეფორმებს სწრაფი ტემპით არ ახორციელებს. სააკაშვილს შეუძლია უკრაინის მთავრობაზე ზეწოლის განხორციელება. თუმცა, გზა რომელიც მან აირჩია ვფიქრობ საშიშია", - განაცხადა ამერიკის თავდაცვის მდივნის ყოფილმა ასისტენტმა.
მისივე თქმით, უკრაინის მთავრობა ძალიან სუსტია. სააკაშვილი კი საკუთარი მიზნის მისაღწევად ბრბოს იყენებს, რაც არც დემოკრატიული მეთოდია და არც პროცედურული მიდგომა.
ფარკასი ამბობს, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარება მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს.
"თუ ფრთხილად არ მოიქცა, ის უკრაინის სტაბილურობას საფრთხეში ჩააგდებს და ამით ვერც უკრაინა მოიგებს და ვერც საქართველო. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ ვითარებით ისარგებლებს, ვლადიმირ პუტინია", - აცხადებს ფარკასი.
კითხვაზე, უქმნის თუ არა სააკაშვილი საქართველოს სტაბილურობას საფრთხეს, ფარკასი პასუხობს, რომ საქართველომ უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა უნდა გამოიჩინოს.
"დარწმუნებული ვარ, საქათველოში ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ამ თეატრალურ წარმოდგენებს. მაგრამ ამასთან ერთად, საქართველოს შიგნით არანაკლები თეატრალურობაა ბევრი გამოწვევით, მათ შორისაა, პარტიებს შორის დაპირისპირება, მედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარება, გამჭვირვალობა და სხვა. საქართველოს საკუთარი საზრუნავი საკმარისად აქვს დამატებით რომ არ დაიმატოს. თუმცა, ერთი რაც საქართველომ, ვფიქრობ, უნდა გააკეთოს, უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერის გამოჩენაა. ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება ერთიანობა"- აცხადებს ფარკასი.
წყარო: "პია"