7-02-2024
ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუს ჩასაწერად მოსკოვში იმყოფება. ის ამ გადაწყვეტილების გამო აშშ-ში კრიტიკის ობიექტი გახდა. ჟურნალისტი X-ზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც განმარტავს იმ მიზეზებს, რის გამოც რუსეთის პრეზიდენტთან ინტერვიუ მიზანშეწონილად მიიჩნია.
ჟურნალისტი ამბობს, რომ ასეთი ინტერვიუ სარისკო იყო, მაგრამ ამის გაკეთება გადაწყვიტა, რადგან პირველ რიგში, ეს მისი საქმეა და მსოფლიოს ინფორმირება მისი მოვალეობაა.
კარლსონის თქმით, უკრაინის ომიდან ორი წლის შემდეგ ამერიკელთა უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, რატომ ხდება ეს ან რა ხდება რეგიონში. მისივე თქმით, უკრაინის ომმა მსოფლიო ბალანსში სერიოზული ცვლილებები და გლობალური გეოპოლიტიკური ლანდშაფტის რესტრუქტურიზაცია გამოიწვია. დოლარის კურსის შესუსტება კი ამ ცვლილებების ერთ-ერთი შედეგია.
დასავლური მედია, კარლსონის მტკიცებით, კორუმპირებულია და ატყუებს მთელ მსოფლიოს. ამერიკელთა უმეტესობას კი წარმოდგენა არ აქვს, რატომ შეიჭრა პუტინი უკრაინაში ან რა გეგმები აქვს.