7-02-2024
ევროკავშირში არსებული პრობლემების განზრახ დამალვაში დაადანაშაულა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სალომე ზურაბიშვილი, როცა განაცხადა, რომ პრეზიდენტი თავის მოხსენებაში შეეცადა „ხავერდოვან ფერებში წარმოეჩინა“ ის ორგანიზაცია, რომელშიც ჩვენ უნდა შევიდეთ.
„სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ დანაშაულზე კი არა თავის შეცდომებზეც არ ილაპარაკა, როდესაც წარსდგა წლიური ანგარიშით. ერთი კი არა, 5 წლის განმავლობაში რა გააკეთა ამ ქალმა რამე მოვისმინეთ? მოვისმინეთ კი არა, ჩვენი ყველა მიღწევა თავზე გადაგვახია, ეჭვქვეშ დააყენა ყველაფერი, რაც მოქმედი ხელისუფლების ხელში გაკეთდა. მაგრამ იმდენად არის შეპყრობილი და დავალდებულებული თავისი აგენტოკრატების მიერ, რომ მასში დღეს გადაწყვეტილების მიღების ლოგიკის მოძიების მცდელობას აზრი არ აქვს.
როდესაც საერთაშორისო ინდიკაციის მიხედვით საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ევროკავშირში და როდესაც ასეთ ქვეყანას ბრალს სდებ ელიტურ კორუფციაში, რაც ასევე გაჟღერდა საპარლამენტო ტრიბუნიდან, მინდა შევახსენო ნაცების მესამე პრეზიდენტს, რომ 2003 წელს ასოცირების ხელშეკრულება გავაფორმეთ, გამოქვეყნდა ანგარიში, სადაც ევროკავშირში კორუფციული ხარჯები შეადგენდა 120 მილიარდ ევროს. ეს მაშინ 10 წლის წინ. როდესაც ამ ყველაფერს მალავ და გაქვს ხავერდოვან ფერებში წარმოჩენის სურვილი იმ ორგანიზაციის, რომელშიც ჩვენ უნდა შევიდეთ, ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიცოდეთ იმ ორგანიზაციას დღეს რა პრობლემები ჭირს, რომ დავეხმაროთ გამოსწორებაში? ან უფრო მჭიდრო კონტაქტი დავიჭიროთ მასში შემავალ იმ ქვეყნებთან, მათ ლიდერებთან, რომლებსაც ეს პრობლემები ესმით და სურთ თავიანთი ორგანიზაციის გამოსწორება და გაკეთილშობილება? მაგრამ, როდესაც ამ პირდაპირ კავშირებზე გავდივართ ავსტრიასთან, უნგრეთთან, სლოვაკეთთან, ხორვატიასთან და მათ ლიდერებთან, ეგრევე ხდება მათი დადანაშაულება პუტინთან კავშირებში, პუტინიზმში, რუსეთთან ალიანსში, რუსეთი, რუსეთი და რუსეთი...
მოძველდა ეს „რუსეთი“, გაწყალდა და შეიძლება დავეხმაროთ კიდეც მათ რაიმე ახალი თემის მოძებნაში, აღარ იციან უკვე ეს „რუსული“ რას მიაწერონ,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.