18-09-2018
ჟურნალისტი და ანალიტიკოსი, ედვარდ ლუკასი გავლენიან ბრიტანულ გამოცემა «The Times»-ში სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ ის წარმატება, როგორსაც საქართველომ დემოკრატიის კუთხით მიაღწია, რეგიონში ვერცერთმა ქვეყანამ ვერ გაიმეორა, თუმცა, აქვე, ლუკასი მიიჩნევს, რომ საქართველო ნატოს მისაღებში სამუდამოდ გაიჭედა.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
„საქართველო თავისი 3,7 მილიონიანი მოსახლეობით სამი იმპერიის ვექტორთა გადაკვეთაზე აღმოჩნდა - რუსეთისა (რომელიც ადრე საქართველოს ფლობდა), დასავლეთის ევროატლანტიკურისა და გაძლიერებული ჩინეთისა. ქართველებმა უკვე გადაწყვიტეს, რომელს აძლევენ უპირატესობას: შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარეობის მიუხედავად, საქართველო დასავლეთისაკენ მიიწევს. ადგილობრივ მცხოვრებლების თქმით, მათი ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში რომის იმპერიის ხელისუფლების ქვეშ იყო.
თუმცა, როგორც ჩანს, საქართველო „გაიჭედა“ - და ალბათ, სამუდამოდ - მოსაცდელ დარბაზში, ნატოში გაწევრიანების მოლოდინში. თბილისმა, პროპორციული შეფარდებით, ავღანეთში სამხედრო მოსამსახურეები ყველაზე მეტი რაოდენობით გაგზავნა. ამერიკელების ფართო დახმარება-ხელშეწყობით ქართველებმა თავიანთი ქვეყნის ეკონომიკა ლიბერალური გახადეს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს და პლურალისტური პოლიტიკური სისტემა შექმნეს, რომლის ჩარჩოებში ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა აქვს და კიდეც იმარჯვებს. ასეთ წარმატებას საქართველოს ვერცერთმა მეზობელმა ქვეყანამ ვერ მიაღწია.
მაგრამ დღეს განწყობა ევრაზიული იმპერიათა მიჯნების ამ უბანზე შეცვლილია. დონალდ ტრამპი, რბილად რომ ვთქვათ, ვესპასიანე არ არის - რომის იმპერატორი, რომელსაც ქართველები დიდ პატივს სცემენ. ამერიკის საელჩო თანდათან კარგავს თავის როლს ადგილობრივი ოლიგარქებისა და რუსეთის თავდასხმების შეკავება-მოგერიებაში. ანტიდასავლური პროპაგანდა და სხვადასხვა შემზარავი ისტორიები სულ უფრო მეტად ვრცელდება: მაგალითად, გაისმის ხმები, რომ ევროკავშირი საქართველოს ინცესტს (სისხლის აღრევას) და მილიონობით სირიელი მიგრანტის მიღებას აიძულებს. გარდა ამისა, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ცეცხლის შეწყვეტის ხაზის მიღმა, რომელიც 2008 წლის ომის შედეგს წარმოადგენს - ძალზე საშიში სამხედრო მანევრები ტარდება და ქართველები პერიოდულად აწყდებიან ადამიანთა გატაცებისა და მიწების მიტაცების ფაქტებს“-წერს ავტორი.