გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა სამუშიამ ვარშავის უნივერსიტეტის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართა

8-02-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ვარშავის (პოლონეთი) უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ასევე, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის კავკასიის ბიუროს წარმომადგენლობა შეიქმნება.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ პოლონელ კოლეგებთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ვარშავის უნივერსიტეტს ქართველოლოგიის განვითარების ხელშეწყობისთვის.


„ვარშავის უნივერსიტეტი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. მემორანდუმის საფუძველზე ჩვენს უნივერსიტეტებს შორის კიდევ უფრო გაფართოვდება ურთიერთობა ფაკულტეტების დონეზე. ჩვენთვის საინტერესო იქნება ვარშავის უნივერსიტეტის გამოცდილების გაზიარება განათლების მიმართულებითაც.

ასევე, შესაძლებელია ქართულ-პოლონურ არქეოლოგიურ ექსპედიციებს ჩავუყაროთ საფუძველი“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.


როგორც ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა იან მალიცკიმ აღნიშნა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვნად გააფართოებს იმ ურთიერთობებს, რომელიც ორ უნივერსიტეტს შორის არსებობს.


„დიდი პატივია, ასეთ მნიშვნელოვან დღეს, უნივერსიტეტის 106 წლის იუბილეზე, ამ მნიშვნელოვან დოკუმენტზე ხელმოწერა. ჩვენს ქვეყნებს მსგავსი ისტორია აქვს და ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო განსაკუთრებულია“,- განაცხადა იან მალიცკიმ.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების გაცვლას, ერთობლივ კვლევით საქმიანობას, სემინარებსა და აკადემიურ შეხვედრებში მონაწილეობას, სასწავლო მასალების გაცვლას, სპეციალური მოკლევადიანი აკადემიური პროგრამების განხორციელებას.


ვარშავის უნივერსიტეტის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეები, დეკანები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930