გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: როდესაც ირაკლი კობახიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთავრობის ყველა გადაწყვეტილება გახდეს საჯარო, ამან ძალიან შეაშინა ზოგიერთი ადამიანი, მათ შორის ისინი, ვინც გახარიას გუნდს წარმოადგენენ

13-02-2024

როდესაც ირაკლი კობახიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთავრობის ყველა გადაწყვეტილება გახდეს საჯარო, ამან ძალიან შეაშინა ზოგიერთი ადამიანი, მათ შორის აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც გახარიას გუნდს წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტში თუ მის გარეთ, - ასე ეხმიანება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას მთავრობის განკარგულებების გასაჯაროების შესახებ.


მდინარაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ კონტროლირებადი მედია და გიორგი გახარიას გუნდის წარმომადგენლები ცდილობდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილისთვის მიეწერათ, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მთავრობის განკარგულებების გამოქვეყნება რეკონსტრუქციის მიზეზით, სწორედ გახარიას თანამდებობაზე ყოფნის დროს შეჩერდა.


"ბოლო ორი წლის განმავლობაში, "ნაც-მედია" და გახარიები ერთად ცდილობდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება მიეწერათ ღარიბაშვილისთვის. დღეს, ირაკლი კობახიძის ამ გადაწყვეტილების შემდეგ აღმოჩნდა, რომ გახარიას პრემიერობის დროს, მის მიერ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული რეკონსტრუქციის მოტივით. ახლა, თუ შეგიძლიათ დაუსვით ერთი კითხვა, თუ არადა მე დავუსვამ აქედან რიტორიკულ შეკითხვას - სად არის რეკონსტრუქცია?

რეკონსტრუქციის მნიშვნელობა ყველამ ვიცით ხომ? რომ გათიშეს ეს საიტი, შესაბამისი გვერდი და დააწერეს რეკონსტრუქცია, ამდენი წელი გავიდა იმის შემდეგ, ვიღაცამ ხომ დაიწყო რეკონსტრუქცია, სად არის ეს ადამიანი, სად არის შედეგი, ერთი წარწერა მაინც შეიცვალა? - არაფერი შეცვლილა, არანაირი რეკონსტრუქცია არ მომხდარა, გახარიას გადაწყვეტილებით, მთავრობის ყველა გადაწყვეტილება აბსოლუტურად დამალული გახდა და სამწუხაროდ, შემდეგ მიმდინარე პრაქტიკა გაგრძელდა." - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.


მისივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა, რომ თითქმის სამი წლის განმავლობაში გამოუქვეყნებელი განკარგულებები ერთ დღეში გამოქვეყნდეს, სპეკულაციურია, ვინაიდან ყველა განკარგულების ასახვას დრო სჭირდება, თუმცა, ამაზე პიარის აგებას მაინც შეეცდებიან.


"ხომ ძალიან კარგად იცით, რომ თითის ერთი "დაწკაპება" ამას არ შველის, მთელი სისტემატიზაცია სჭირდება ამდენი წლის გადაწყვეტილებების ატვირთვას, დღეს ითხოვენ, რამდენად სპეკულაციურია ეს მოთხოვნა, რომ ახლა თურმე ერთ დღეში ვიღაც უნდა ადგეს და სამი წლის გადაწყვეტილებები ერთად ატვირთოს, ამას თვეები სჭირდება, ხომ არ არის მარტივი ამბავი? დაიმახსოვრეთ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში, ამაზე ააგებენ პიარს - " ახალს კი აქვეყნებს, მაგრამ სად არის ძველი." ამის [განკარგულებების გასაჯაროების] წინააღმდეგი არავინ არის დარწმუნებული ვარ, მით უმეტეს, განსაკუთრებით, ირაკლი კობახიძე, რომელიც ყველამ კარგად გაიცანით, მაგრამ ამას სჭირდება დიდი დრო. ახლა სპეკულაციურად დაიწყებენ იმაზე საუბარს, რატომ არ აქვეყნებს ძველ გადაწყვეტილებებს, რასაც არ სჭირდება ცოტა დრო და ასე მარტივად ვერ გამოქვეყნდება" - განაცხადა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930