გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა სეფაშვილი: როდესაც ევროპის სახალხო პარტია სააკაშვილს კონგრესზე ეპატიჟება, აქ არის ორი მომენტი: ან არ იციან, რომ იგი პატიმრობაშია (რისიც არ მჯერა), ან იციან და ელიან, რომ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს

15-02-2024

„მათ არ აინტერესებთ საქართველოს სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა“, -ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან განაცხადა.


მისი თქმით, ევროპარლამენტის ერთ-ერთი დიდი პოლიტიკური ძალა - ევროპის სახალხო პარტია, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს, უცებ აცხადებს საქართველოზე, რომ ამ სახელმწიფოს არაფრად არ მიიჩნევს და მის ერთ-ერთ პატიმარს კონგრესზე ეპატიჟება.


„ასეთი დამოკიდებულება პირველ რიგში, არასერიოზულია. წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ დავპატიჟოთ ევროპარლამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, ჯერ ხომ გავხდებით დაცინვის ობიექტი, მერე თავს წარმოვაჩენდით, როგორც არასერიოზულ, არაკომპეტენტურ ძალად.

ფაქტიურად, ესენიც იმავენაირად წარმოჩნდებიან საკუთარ ამომრჩევლის და ხალხის თვალში იმიტომ, რომ ახლა შემოდგომაზე ევროპარლამენტარების არჩევნები უნდა ჩატარდეს ევროპაში. ძალიან საინტერესოა, საკუთარ ამომრჩეველს რას ეტყვიან? რომ ისინი არიან ის ძალა, რომელიც სხვა ქვეყანაში პატიმრობაში მყოფ ადამიანს კონგრესზე ეპატიჟება?


ეს ძალიან არასერიოზული და აგდებული დამოკიდებულებაა ამ საკითხის მიმართ. ასევე, რა თქმა უნდა, მცდელობა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი ყოველთვის იყოს აქტუალური. ლობისტები ვერაფერს ვერ გახდნენ, როგორც არაერთხელ აღინიშნა, დაიხარჯა მილიონები, ცალკე პრესაში გამოქვეყნებულ მხარდამჭერი განცხადებების და რეზოლუციების მიღებისათვის და უამრავი შეკვეთილი ქმედების ორგანიზებისთვის. eვროპარლამენტის ფოიეში ვიხილეთ პლაკატებით მდგარი ევროპარლამენტარები და მიხეილ სააკაშვილისთვის დაწესებული ჯილდოები, რომლებიც ალბათ ნაყიდი იყო და ა.შ. ყველაფერმა ამან შედეგი ვერ გამოიღო. ახლა ერთ-ერთი საქციელი კონგრესზე მიწვევაა, რათა გვაჩვენონ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ დავიწყებიათ, დღის წესრიგში ჰყავთ და მათ რიგებში მოიაზრებენ. ამის მცდელობაა..


თუმცა, რის მიღწევას ცდილობენ და ამით რა შედეგი დაიდება - გაუგებარია. ერთი რაც ჩანს, რომ არიან არასერიოზულები და მეორე - მათ არ აინტერესებთ საქართველოს სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა. ანუ პირდაპირ გვეუბნებიან, თქვენ ჩვენთვის არაფერს არ წარმოადგენთო. რაც მკვეთრად განსხვავდება ევროკავშირის (რომელსაც ისინი წარმოადგენენ) ოფიციალური განცხადებისგან და მიდგომისგან.


გასული წლის დეკემბერში, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები და რეფორმები ევროკომისიამ შეაფასა დადებითად. ამ პირობებში ევროპარლამენტის ერთ-ერთი დიდი პოლიტიკური ძალა, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს, უცებ აცხადებს საქართველოზე, რომ ამ სახელმწიფოს არაფრად მიიჩნევს და მის ერთ-ერთ პატიმარს კონგრესზე ეპატიჟება. უგზავნიან დაწვრილებით დღის წესრიგს, როგორ და რანაირად უნდა ჩატარდეს. ძალიან გაუგებარი დამოკიდებულებაა. მე ვფიქრობ, ევროპის შიგნითაც საკმაოდ ყურადღების მისაქცევია ეს თემა იმიტომ, რომ ოფიციალური ევროკავშირი სხვას ამბობს, ეს პოლიტიკური პარტია, რომელიც ერთ-ერთი დიდი პოლიტიკური პარტიაა სხვას. როგორ აპირებენ, ესენი შემდგომ მმართველობის გაგრძელებას და გაძლიერებას, არ ვიცი. როდესაც სააკაშვილს თავიანთ კონგრესზე ეპატიჟებიან, აქ არის ორი მომენტი: ან არ იციან, რომ იგი პატიმრობაშია (რისიც არ მჯერა), ან იციან და ელიან, რომ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს“ - განაცხადა სეფაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930