18-09-2018
ნიკა მაჭუტაძის პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის მიხეილ ანთაძის მხარდამჭერთა სიის გაყალბების შესაძლო ფაქტს პროკურატურა შეისწავლის. ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს. მხარდამჭერთა სიების ხელმოწერებთან დაკავშირებით „ტელეიმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ცესკო-ში განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრის მონაცემები და ხელმოწერა ნამდვილად დაფიქსირდა გაერთიანება „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში. თუმცა, ცესკო-ს ცნობით, მხარდამჭერთა ბლანკზე არსებული ხელმოწერა სრულიად განსხვავდება მამუკა ბახტაძის საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან.
„მხარდამჭერთა სიების ხელმოწერებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ფაქტებზე გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაცემები და ხელმოწერა ნამდვილად დაფიქსირდა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში. თუმცა მხარდამჭერთა ბლანკზე არსებული ხელმოწერა სრულიად განსხვავდება ცესკო-ში არსებულ და საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან.
ამავე პარტიის მხარდამჭერთა სიასთან დაკავშირებით კიდევ შემოსულია მოქალაქის განცხადება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს თანხმობის გარეშე მისი მონაცემების გამოყენების საკითხს და ითხოვს, ვითარების გარკვევას. აღსანიშნავია, რომ მხარდამჭერთა სიის შემოწმების პროცესს ესწრებოდნენ, როგორც შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ისე ცესკო-ს თანამშრომლები და წევრები.
ამასთან, ცესკო-ს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში შემოვიდა შეტყობინებები და ასევე, დაფიქსირდა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის წერილობითი განცხადება, რომელიც ეხება „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში არსებული მისი ხელმოწერის არაერთგზის გაყალბების ფაქტს.
აღნიშნული ფაქტები წარმოდგენილია დოკუმენტური ინფორმაციის სახით და ცესკო-ს მიერ გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში – პროკურატურაში რეაგირებისთვის.
რაც შეეხება პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ცესკო-ს მხრიდან ჟურნალისტებისთვის არანაირი ინფორმაცია და მონაცემები არ გადაცემულა“, – აცხადებენ ცესკო-ში.
ნიკა მაჭუტაძის პარტიამ „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ საპრეზიდენტო კანდიდატად რეჟისორი და მწერალი მიხეილ ანთაძე წარადგინა. მაჭუტაძის პარტია იმ გაერთიანების წევრია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს. გაერთიანებაში – „ძალა ერთობაშია“ შემავალმა პარტიებმა პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატებიც წარადგინეს, რაც მათი საარჩევნო სტრატეგიის ნაწილია.
16-11-2024
16-11-2024