21-02-2024
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა „მინისტრის საათის" ფორმატში პარტია „ლელოს" 1000 ლარიანი პენსიის დაპირებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს იდეა ემსახურება საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.
„ალბათ ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, როგორ შეიძლება მოხდეს პოლარიზაციის შემცირება ქვეყენაში. ფაქტიურად, არ დარჩა არცერთ ოპოზიცური პარტია, რომელმაც ერთხმად არ აღნიშნა, რომ ეს არის არარეალური და არ ეყრდნობა არანაირ გათვლებს. ბუნებრივია ეს ემსახურება ერთადერთს, რომ შეცდომაში იქნას შეყვანილი საქართველოს მოსახლეობა და პარტიამ გარკვეული დივიდენდები მიიღოს. დაახლოებით 6 მილიარდია დამატებით საჭირო ამ პროგრამის განსახორციელებლად. ის იდეები და მოსაზრებები, რასაც ამ პოლიტიკური ჯგუფისგან ვისმენთ, მხოლოდ გაანახევრებს ბიუჯეტს არათუ გაზრდის. ამ ნაწილში მთლიანი პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ ეს იდეები არც სწორია და მათემატიკურადაც შეუძლებელია, რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ 9%-იანი ეკონომიკური ზრდით, 100 პროცენტს 4 წელიწადში ვერ მიიღებ. ეს მაქსიმუმ მე-5, მე-6 კლასის მათემატიკის საკითხია," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.