21-02-2024
ლოგიკური იქნება, რომ სალომე ზურაბიშვილმა სიტყვებს ქმედება მოაყოლოს. თუ ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, შეუძლებელია, ეს პოლიტიკური პატიმრის ყოლით მოხდეს , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა არა მხოლოდ შეწყალების უფლება უნდა გამოიყენოს, არამედ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით მოვალეობა უნდა მოიხადოს.
„თუ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მართლა სურს, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროპას, საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს, მეტ-ნაკლებად კანონის უზენაესობა აღდგეს, მაშინ მან არა მხოლოდ უფლება უნდა გამოიყენოს, არამედ მოვალეობა უნდა მოიხადოს და მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს. ლოგიკური იქნება, რომ სიტყვებს ქმედება მოაყოლოს. თუ ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, შეუძლებელია ეს მოხდეს პოლიტიკური პატიმრის ყოლით“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ასევე, მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებენ, პრემიერ-მინისტრის თანამდებობისთვის ბრძოლა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული და თუ ყოფილი პრეზიდენტი პრემიერობისთვის ბრძოლის გადაწყვეტილებას მიიღებს, ამის შესახებ საზოგადოებას თავად ამცნობს.
„იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებენ, მისი საბოლოო გათავისუფლება მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, იმაზე, რამდენად დიდხანს მოუწევს კლინიკაში დარჩენა, საზღვარგარეთ წასვლა და ა.შ. რამდენადაც მას შესაძლებლობა ექნება, ის ლიდერის როლს აუცილებლად შეასრულებს, რადგან ის ამას ციხიდანაც ახერხებს. მისი პრემიერობაც ამაზეა დამოკიდებული, თუმცა მან თქვა, რომ მზად არის, პოლიტიკური პასუხისმგებლობა იკისროს. თუ ის პრემიერ-მინისტრობისთვის კენჭს იყრის, ეს პოლიტიკური განაცხადი იქნება. როდესაც დრო მოვა, ის ამის თაობაზე თავის გადაწყვეტილებას თავად გაგვაცნობს“, - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.
გარდა მიხეილ სააკაშვილის საკითხისა ბარამიძემ ისაუბრა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პარტია „საქართველოსთვის“ შორის თანამშრომლობაზე, გიორგი ბარამიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარიას პარტია მომავალში თანამშრომლობის იდეას უარყოფს, მათ რუსთავისა და ზუგდიდის საკრებულოებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციები ამ მომენტშიც აქვთ.
„როდესაც „ქართული ოცნება“ დამარცხდება, ყველა პარტია არჩევანის წინაშე დადგება - დავდგეთ ერთად, თუ ისევ რუსულ რეჟიმს შევუქმნათ უმრავლესობა. რაც შეეხება გახარიას პარტიას, მათთან მომავალში კი არა, დღესაც ვთანამშრომლობთ რუსთავისა და ზუგდიდის საკრებულოებში. მათთან ერთად ამ საკრებულოებში კოალიციები გვაქვს. თუ გახარიას პარტია თვლის, რომ ჩვენ გამოგვიყენეს, როცა ვჭირდებოდით, ჩვენ ვთქვით, რომ ვითარება „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად გამოვიყენეთ“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.