22-02-2024
რატომ ვერ ელევა დასავლეთი ნაცებს?
ეს კითხვა ძალაუნებურად ჩნდება, როდესაც ხედავ, რომ საქართველოში სრულიად დისკრედიტირებული მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია, დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკურ წრეებში გარკვეულ მხარდაჭერას დღესაც ინარჩუნებს, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, დასავლეთის ის ნაწილი, რომელიც საუბრობს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობაზე, როგორც 9 პუნქტის ერთ-ერთ მოთხოვნაზე, ამ მოთხოვნით ნიღბავს რეალურ სურვილს, რომ ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნდნენ ქართველი ხალხის არჩევანის შედეგად პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე გასტუმრებული ძალადობრივი რეჟიმი.
“რატომ ვერ ელევა დასავლეთი ნაცებს?
ეს კითხვა ძალაუნებურად ჩნდება, როდესაც ხედავ, რომ საქართველოში სრულიად დისკრედიტირებული მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია, დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკურ წრეებში გარკვეულ მხარდაჭერას დღესაც ინარჩუნებს.
საქართველოშიც და უცხოეთშიც აქა-იქ ისევ ისმის მიშას გათავისუფლების მოთხოვნები, რაც მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ამ მოთხოვნის ავტორები მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ. სხვა შემთხვევაში ისინი მისი მხრიდან ჩადენილ დანაშაულებს სამართლებრივად შეაფასებდნენ, უდანაშაულოდ წარმოჩენას შეეცდებოდნენ და ამის საფუძველზე მოითხოვდნენ მის გათავისუფლებას.
ეს კი ასე არ ხდება. მის გათავისუფლებაზე ისე საუბრობენ, ძალიან ცოტა ვინმე თუ ამბობს, მიშა უდანაშაულობის გამო უნდა გათავისუფლდესო. რამდენიმე დღის წინ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუნხენში საჯაროდ მიშა დადებითად დაახასიათა და საკმაოდ უხეში ფორმით, კატეგორიულად მოსთხოვა სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალება.
ისიც არავის აინტერესებს, რომ მიშას განთავისუფლების მოთხოვნა, ციხეში მყოფი პატიმრებისათვის, გარდა იმისა, რომ უსამართლოა (ვინაიდან ციხეში მასზე დიდი დამნაშავე არ ზის), ასევე უპატივცემულობაა ქართველი ხალხისა, რომელიც მიშამ და ნაცებმა 9 წელი ფაშისტური რეჟიმის პირობებში აცხოვრეს.
დამაფიქრებელია, თუ რა დევს ამ უზნეო მოთხოვნის უკან, რა სურთ წინასაარჩევნოდ აქაურ და იქაურ კრიმინალ პოლიტიკანებს მიშას განთავისუფლებით. ის არ არის საქართველოს მოქალაქე, რის გამოც კანონი უკრძალავს არა მარტო ვერ მონაწილეობას არჩევნებში, არამედ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევასაც კი. მაშ რა უნდათ გარე და შიდა მტრებს? პასუხი რჩება ერთი: მათ სურთ მიშა გამოიყენონ დესტაბილიზაციისა და არეულობისთვის, ვინაიდან ყველა კარგად ხედავს, რომ ოპოზიცია არჩევნებით ხელისუფლებაში ვერ მოდის, ამიტომ ხელისუფლების უზურპირების ერთადერთი გზა არის დესტაბილიზაციით ჩამოშალონ ხელისუფლება და არეულობის გზით ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება.
აქედან შეიძლება გაკეთდეს მარტივი დასკვნა - დასავლეთის ის ნაწილი, რომელიც საუბრობს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობაზე, როგორც 9 პუნქტის ერთ-ერთ მოთხოვნაზე, ის სინამდვილეში ამ მოთხოვნით ნიღბავს რეალურ სურვილს და მისწრაფებას, რომ ისევ ხელისუფლებაში დააბრუნებინონ ქართველი ხალხის არჩევანის შედეგად პოლიტიკურ ნაგავსაყრელში გასტუმრებული ძალადობა.
როგორც არაერთხელ განგვიცხადებია, ესენი არიან, არა ქართული ოპოზიცია, არამედ უცხო ქვეყნის ყურმოჭრილი მონები და მათი ინტერესების გამტარებელი, ფულსა და ძალაუფლებას დახარბებული კარიერისტები, რომლებიც უცხოელი ბატონების მსახურების დაუოკებელი სურვილით შეპყრობილნი, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს საზიანოდ მზად არიან, საკუთარი ბატონების ყველა ბრძანება შეასრულონ. მათ დღევანდელ ეპოქაში მოუხდათ ცხოვრება და იმიტომაც იბრალებენ დემოკრატობას და მედასავლეთეობას. მათ იციან, რომ ეს არის ხელისუფლებაში მოსვლის აუცილებელი ელემენტი, თორემ ნახევარი საუკუნის წინ რომ ეცხოვრათ, ასეთივე ენთუზიაზმით იბრძოლებდნენ კომუნიზმის ასაშენებლად და მარქს-ენგელს-ლენინის იდეების ცხოვრებაში დასამკვიდრებლად, რადგან მაშინ სწორედ ეს პოზიცია იყო წარმატებული პოლიტიკური კარიერის გაკეთების აუცილებელი პირობა.
ასე რომ, როდესაც ისინი ვინმეს მონას და არათავისუფალს ეძახიან, ამით საკუთარი კომპლექსების უარყოფას ან დამალვას ცდილობენ, ვინაიდან მონური დამოკიდებულება ბატონების მიმართ ცხოვრების წესად იქციეს. მუდმივად ცდილობენ, მათ მიერ ჭეშმარიტების უმაღლეს ინსტანციად მიჩნეული დასავლეთელების დამაზიანებელი პოზიციის არგაზიარება სამშობლოს ინტერესების დაცვაზე ზრუნვად კი არ შეაფასონ, არამედ მაშინვე რუსეთუმეობად მონათლონ” - წერს კაკაბაძე.